რა დანიშნულება აქვს სურნელს
ყვავილების სურნელი შეიძლება იყოს მომხიბვლელი, ასევე დამამშვიდებელი და სამკურნალოც კი.
განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდება ეთერზეთების სურნელის ზემოქმედება. ყვავილებიდან მიღებული ეთერზეთი 400-მდე მქროლავ სუბსტანციას შეიცავს, რომლებიც ჩვენს ყნოსვის ორგანოს ასტიმულირებენ. ყნოსვის რეცეპტორებით სიგნალი ტვინს გადაეცემა, სადაც ის ფასდება და პასუხად ხდება იმ სუბსტანციების გამოთავისუფლება, რომლებიც შემდეგ მოქმედებენ ჩვენს ფსიქიკაზე და ჩვენს ენდოკრინულ თუ იმუნურ სისტემებზე.
მწიფე ხილი სურნელოვანია
ძველ დროში, ხალხმა შენიშნა, რომ მცენარეები რეაგირებენ სუნებზე. ეგვიპტეში ცნობილი იყო, რომ დაჭრილი მწიფე ლეღვის სუნმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი ხის ნაყოფების დამწიფება. ჩინეთში კი, საკმეველს წვავდნენ, რათა მაგარი ჯიშის მსხალი საკვებად გამოსადეგი გამხდარიყო. დღეს ჩვენთვის გასაგებია თუ რატომ: კვამლში ნაპოვნი ეთილენი, სუნიანი გაზი, რომელიც ამავე დროს ყველა მცენარის მიერ გამომუშავდება, აგზავნის სიგნალს სიმწიფის პროცესის დასაწყებად. მაშინ როცა ადამიანი მხოლოდ ცხვირით ყნოსავს, მცენარეები ამას აკეთებენ მთელი სხეულით. მცენარეთა ყველა უჯრედს, ფესვებში იქნება ეს თუ ფოთლებში, აქვს ყნოსვის რეცეპტორები.
ხეები ერთმანეთს სურნელით აფრთხილებენ
მცენარეთა სხვადასხვა სურნელი, როგორიცაა მაგალითად, როზმარინის, რეჰანის და ძირტკბილასი - ტოლფასია ზუსტი შეტყობინების: ისინი მცენარეთა '' სიტყვებია," მათი ლექსიკა! მილიონობით სხვადასხვა ქიმიური ნაერთი წარმოადგენს მცენარეთა სამეტყველო ენის ნიშანს, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით ”, - განმარტავს მცენარეთა ნევროლოგი სტეფანო მანკუზო. მან ეს ენა სირთულით ეგვიპტურ იეროგლიფებსაც კი შეადარა. ამასთან, უფრო ადვილია დააკვირდე რამდენად კარგად მუშაობს მცენარეული ენა: ხეებს, რომელთა ტოტები და ფესვები დაცილებულია ერთმანეთისაგან, შეუძლიათ ჰაერში გაფრქვეული სუნის საშუალებით კომუნიკაცია: მაგალითად, ცხოველების მოახლოების შესახებ გაფრთხილების გადაცემა. ასეთია აფრიკული აკაციის ხე, რომელსაც ჟირაფები მიირთმევენ. ის უშვებს აირს, რომელიც აფრთხილებს მახლობელ ხეებს საშიშროების შესახებ და რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი იწყებენ ფოთლებში ტოქსინების წარმოებას, რაც მათ ჟირაფებისთვის საკვებად უვარგისს ხდის.
სურნელი აღვიძებს მოგონებებს
სურნელი ასევე ის ენაა ადამიანისთვის, რომელიც გვეხმარება მოგონებების შენახვაში. ახალმოთიბული ბალახის, საშობაო ნამცხვრების თუ ნაცნობი სუნამოს სუნმა შეიძლება წარსულში დაგვაბრუნოს. თუ ნაცნობი სუნი ჩვენს ცხვირს აღწევს, ის წამიერად გვახსენდება, თუნდაც ათწლეულების შემდეგ. ნეირობიოლოგების ვარაუდით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რეცეპტორებით ინფორმაცია ცხვირიდან პირდაპირ გადაიცემა ჰიპოკამპუსში, ჩვენი ტვინის "მეხსიერების კონტროლის ცენტრში".
References
Daniel Chamovitz: What a Plant Knows: A Field Guide to the Senses. New York: Scientific American / Farrar, Strauss and Giroux: 2012
Stefano Mancuso, Alessandra Viola: Brilliant Green: The Surprising History and Science of Plant Intelligence, Washington, DC: Island Press, 2015
Kathrin Meyer und Judith Elisabeth Weiss (Hrsg. für das Deutsche Hygiene-Museum Dresden): „Von Pflanzen und Menschen“, Wallstein, 2019
Eva Heuberger, Iris Stappen, Regula Rudolf von der Rohr: „Richen und Fühlen. Wie Geruchssinn, Ängste und Depressionen zusammenspielen“, fischer & gann, 2017
www.pflanzenforschung.de/de/themen/lexikon/ethylen-ethen-10096
www.pflanzenforschung.de/index.php?cID=5681
www.ds.mpg.de/2495238/Gerueche_und_Erinnerungen