გრძნობები

სურნელის როლი ჩვენს ცხოვრებაში

ინტერვიუ ბერლინში მოღვაწე წყვილთა თერაპევტ ვერა მატთან: ურთიერთობაში სურნელის როლის შესახებ. დაივიწყეთ ლამაზი თვალები და შინაგანი ღირსებები: სავარაუდოდ, პარტნიორის შერჩევისას გადამწყვეტია, თუ რამდენად შეგვიძლია, „კარგად ვიყნოსოთ“ იგი.

ვერა მატი: მოდით, ჯერ ცხოველთა სამყაროს გადავხედოთ: როდესაც ერთმანეთს პირველად ხვდებიან, იმის ნაცვლად, რომ იკითხონ „როგორ ხარ?“’, ძაღლები ერთმანეთს ყნოსავენ. ამ გზით კონტაქტის დამყარება სოციალურ კომუნიკაციას და პარტნიორის სწორად შერჩევას ემსახურება. ჩვენ, ადამიანები, ამას უფრო ფაქიზად ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენც ვავრცელებთ ფერომონებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც სასიგნალო ეფექტი აქვს. მათი გაუცნობიერებელი ზემოქმედებისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ეს სიგნალები საუკეთესო პარტნიორის შერჩევაში გვეხმარება, რათა ჯანმრთელი შთამომავლობა გვყავდეს: პარტნიორი გენეტიკურად ძალიან მსგავსი არ უნდა იყოს, მაგრამ არც რადიკალურად უნდა განსხვავდებოდეს ჩვენგან, არამედ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენგან განსხვავებული გენეტიკური შემადგენლობა უნდა ჰქონდეს. ეს შემდეგ ხელს უწყობს ბავშვებში ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.

ნიშნავს თუ არა ეს იმას , რომ ჩვენ ურთიერთობას ვიწყებთ არა ავტონომიურად, არამედ ვეყრდნობით სახეობის გადარჩენის არქაულ პროგრამას?

ვერა მატი: ეს მხოლოდ დისპოზიციაა. ჩვენ ყოველთვის გვაქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. მაგრამ ჩვენ ამ არჩევანს თავადვე ვირთულებთ: საკუთარ სურნელს სუნამოებით, დასაბანი საშუალებებით, თმის სპრეისა თუ კრემების საშუალებით ვნიღბავთ. ჩვენი ყოველდღიურობა ხელოვნურად არომატიზებულია. ამგვარი არომატები კანზე ერთგვარი „უჩინმაჩინის ქუდის“ როლს ასრულებს, და პოტენციურ პარტნიორს ჩვენს სწორად „დანახვაში“ უშლის ხელს.

და რა არის ამის შედეგი?

ვერა მატი: ამ დროს შესაძლებელია, რომ ჩვენმა სურნელმა სხვა ადამიანს მის ყოფილი პარტნიორი, დედა ან  თანაკლასელი  მოაგონოს, რომელიც მოსწონდა – ეს სულ ასოციაციებია, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანთან, რომელიც მის წინაშე დგას. მოგვიანებით კი გვიკვირს, რომ ერთმანეთს ვერ ვეწყობით. ამის თავიდან აცილება ეთერზეთებზე დამზადებული სუნამოებით შეიძლება. ეთერზეთები ჩვენს საკუთარ სურნელს არ ცვლის, არამედ უფრო მეტადაც კი გამოკვეთს.

გარე სამყარო თითქოს ქრება

შეყვარებულობის მდგომარეობაში თავის ტვინის იგივე უბნები აქტიურდება, რაც მწვავე აშლილობის დროს.

ცხვირი უშუალოდ უკავშირდება თავის ტვინს და კონკრეტულად მის იმ უბნებს, რომლებიც მოგონებებსა და ემოციებზეა პასუხისმგებელი. რა კავშირშია  ეს იმასთან, რომ ვიღაც გვიყვარდება, ვიღაც კი – არა?

ვერა მატი: ეს ინდივიდზეა დამოკიდებული. მაგალითად, მე, როდესაც ვაშლის პეროგის სუნი მცემს, ჩემი ბებია მახსენდება, ოლეანრდის სურნელი კი ხორვატიაში გატარებულ ოჯახურ შვებულებას მაგონებს. ბევრ ადამიანს მოსწონს ვანილის სუნი, რომელსაც დღეს ხშირად იყენებენ ჩვილისთვის განკუთვნილ პროდუქტებში; ის ტკბილია და მავანს დაკარგულ სამოთხეს მოაგონებს – იმას, რასაც გაუცნობიერებლად სხვა ადამიანში ვეძებთ. როდესაც ვინმე თავის პარტნიორს გონების კარნახით ირჩევს, ის შეიძლება უფრო მეტად იმას აქცევს ყურადღებას, რომ მას სქელი ქერა თმა აქვს, 1,80 მ სიმაღლისაა და აკადემიკოსია. საბოლოო ჯამში, ცნობიერი და გაუცნობიერებელი ფაქტორების ერთობლიობა და მეორე ადამიანის იმუნური სისტემის მიმზიდველობა განაპირობებს იმას, თუ ვის შევიყვარებთ.

რასაც სხვასთან „ვერ ვიყნოსავთ“, ანუ რაც არ მოგვწონს,  ხშირად გვიან ვამჩნევთ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ახალშეყვარებულებს ყნოსვა შესუსტებული აქვთ.

ვერა მატი: შეყვარებულობისას თავის ტვინის იგივე უბნები აქტიურდება, რაც  მწვავე აშლილობის დროს. გარე სამყარო თითქოს ქრება. შემდეგ, როდესაც ურთიერთობის ფაზა იწყება, ადამიანი ისევ რეალობას უბრუნდება და საკუთარ თავს ეკითხება: ვინ ვარ? რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? იწყება თავის გადაფასება, მაგრამ უკვე სხვა ადამიანთან ერთად. ეს არის მომანტი, როდესაც ყნოსვა ისევ მახვილი ხდება. ახლა გამოჩნდება, არის თუ არა ურთოერთობა სიცოცხლისუნარიანი.

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ხელოვნურად არომატიზებულია. ეს უცხო სურნელები კანზე ერთგვარ საბურველს ქმნიან და ჩვენ საკუთარ სურნელს ნიღბავენ

ვერა მატი

როგორ შეიძლება მოიქცეს ადამიანი უკვე არსებულ ურთიერთობაში, თუ მეორეს უეცრად უსიამოვნო სურნელი უჩნდება?

ვერა მატი: აქ პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, ოდესმე თუ ჰქონდა მას კაგრი სურნელი, თუ ეს მხოლოდ ჩემს აღქმაში იყო ასე? მნიშვნელოვანია, რომ ეს ღიად, მაგრამ რაც შეიძლება რბილად გამოითქვას. აქ უნდა მოიშველიოთ სიყვარული და იუმორი. რჩევების მიცემა არ შეიძლება, ეს ყოველთვის დარტყმაა. 

ამ საკითხის გამო თუ მოგმართავენ წყვილები?

ვერა მატი: გამუდმებით. უსიამოვნო სურნელმა შეიძლება პარტნიორებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს. მას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს, დაწყებული ერთფეროვანი კვებით და მოძრაობის ნაკლებობით დამთავრებული. ზოგჯერ ადამიანები არ თვლიან საჭიროდ, რომ უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზი სამედიცინო თვალსაზრისით გამოიკვლიონ. ახლახან წყვილმა მომმართა, რომელსაც პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ კაცს უეცრად უსიამოვნო სუნი გაუჩნდა. გაირკვა, რომ მან ცოტა ხნის წინ წნევის დამწევი საშუალების მიღება დაიწყო, რამაც მისი სხეულის სუნი შეცვალა.

რას ამბობს ის ფაქტი, რომ პარტნიორებს გადატანითი მნიშვნელობით ერთმანეთის „ყნოსვა“ აღარ შეუძლიათ?

ვერა მატი:  მოსალოდნელია, რომ წყვილი გაიყრება. როდესაც ვინმეს ყნოსვა აღარ შემიძლია, ეს ძალიან ფუნდამენტური რამ არის. ეს არის უარყოფის ჟესტი, რომელიც აჩვენებს, რომ აღარ მინდა მეორე ადამიანის მისი თავისებურებებით ცნობა.

რა რჩევას აძლევთ ასეთ წყვილს, თუ ორივეს ურთიერთობის გადარჩენა უნდა?

ვერა მატი: როგორც თერაპევტი, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი სხეულის ენას: არის თუ არა საუბრის დროს სინქრონული მოძრაობები, ერთსა და იმავე მომენტში თუ იცვლიან პოზას, მსგავსი რიტმით თუ სუნთქავენ, იცინიან თუ არა ერთმანეთის ხუმრობაზე, მოკლედ, ჯერ კიდევ თუ არსებობს ამ ორ ადამიანს შორის სინქრონულობა? ანუ, არსებობს თუ არა საფუძველი? ერთობლივი აქტივობები შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს: ერთად მოგზაურობა, კარგი წიგნის ერთად კითხვა, ფილმის ერთად ყურება, დღესასწაულებისა და რიტუალების ერთად აღნიშვნა და ა.შ. ახალი ჩვევების გამომუშავებით შეიძლება ჰარმონიის შეგრძნების აღდგენა.

თუ პარტნიორის „ყნოსვა“ აღარ შემიძლია, რამდენად ვარ მე თავად ამაში „დამნაშავე“?

ვერა მატი:  სავარაუდოდ, ბევრად. თუ საკუთარი თავით ვარ უკმაყოფილო, ჩემი უკმაყოფილება ხშირად სხვა ადამიანზე გადამაქვს. ამ შემთხვევაში მტკიცე კავშირს აღარაფერი აქვს საერთო ყნოსვის ცხოველურ ინსტინქტთან, არამედ აქ საქმე ეხება პარტნიორთან ერთად შეცნობისა და ზრდის პროცესის გავლას. საბოლოო ჯამში ეს საშუალებას იძლევა, უსიმოვნო სუნის პრობლემაც გადაილახოს. ერთმა ჩემმა კლიენტმა ამას (თუმცა სხვა კონტექსტში) „მიმტევებლობა“ უწოდა. მე ეს მომწონს. ამაში საკუთარი თავის პატიებაც იგულისხმება და იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი ნაკლი სხვაზე გადაგვაქვს. ჩემს გასაჭირში პარტნიორი არ არის დამნაშავე და ის არ უნდა შეიცვალოს. საქმე ჩემს საკუთარ დამოკიდებულებაშია, რომელიც მე უნდა შევცვალო. პერტნიორი არის ყველაზე ულმობელი მასწავლებელი, რომელიც სარკესავით მაჩვენებს, თავად ჩემთან რა არ არის წესრიგში.

ავტორი

ვერა მატი

წყვილების თერაპევტი

ბერლინში აქვს კერძო პრაქტიკა