რა განაპირობებს ნიადაგის ნაყოფიერებასა და სიჯანსაღეს?
რატომ არის ნიადაგი დასრულებადი, ძვირფასი რესურსი, რომელსაც ჩვენი დაცვა სჭირდება
მილიონობით წელი მოანდომა ჩვენმა პლანეტამ ნიადაგის დინამიკური ეკოსისტემის შექმნას. უამრავი ცოცხალი ორგანიზმი მონაწილეობს ნახშირბადის მიმოქცევაში და ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებას. მაგრამ ნიადაგი საფრთხეშია და ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს.
რას აკეთებს ნიადაგი ადამიანისა და ბუნებისთვის?
ჯანსაღი ნიადაგი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ჯანსაღი საკვების წარმოების საფუძველს წარმოადგენს. ნიადაგის ხარისხი და ნაყოფიერება გავლენას ახდენს ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის მოსავალზე. ის მცენარეებიც, რომლებიც ველედას წამლებსა და კოსმეტიკურ პროდუქტებში გამოიყენება, ვერ გაიზრდება ჯანსაღი ნიადაგის გარეშე.
ნიადაგი წყალს ფილტრავს, მავნე ნივთიერებებს აკავებს და უზრუნველყოფს სასმელი წყლის სისუფთავეს. ნიადაგი საშუალებას აძლევს წყალს, რომ მასში ჩაიჟონოს და ღრუბელივით შთანთქამს წვიმის წყალს. ჯანსაღ ნიადაგს თავის წონაზე ბევრად მეტი წყლის შთანთქმა შეუძლია. მისი ეს უნარი ხელს უშლის წყალდიდობის და გვალვის განვითარებას.
როგორია ნიადაგისა და კლიმატის ურთიერთგავლენა
ჯანსაღი ნიადაგი აუცილებელია კლიმატის დასაცავად. შეფასების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ნიადაგში დაახლოებით 2700 გიგატონა ნახშირბადი ინახება. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნახშირბადის რაოდენობა ატმოსფეროში და მთელ ცოცხალ ბიომასაში ერთად. ნიადაგი ინახავს ნახშირბადს ნეშომპალაში, ტორფში, ნიადაგის დანალექებში და მინერალებში. ის არის ნახშირბადის დონის ყველაზე დიდი დამწევი ოკეანეების შემდეგ. ნიადაგში არსებული მილიონობით ორგანიზმი მცენარეების მიერ შეკავშირებულ ნახშირბადს ნეშომპალად გარდაქმნის. ეს ორგანული, მუქი ყავისფერი ნივთიერება დაახლოებით 50 % ნახშირბადს შეიცავს.
ნახშირბადის შენახვის მხრივ, გლობალურად ნიადაგის პოტენციალი არის 2-დან 5 მილიარდამდე დამატებითი ტონა CO2 წელიწადში. მხოლოდ ნიადაგის მდგრად დამუშავებას შეუძლია დაზოგოს რამდენიმე მილიონი ტონა CO2.
ნიადაგი ჩვენი არსებობის საფუძველია
ნიადაგი არეგულირებს ნივთიერებებისა და ენერგიის მიმოქცევას, აწარმოებს საკვებს ადამიანისა და პირუტყვისთვის, საძირკველია შენობებისთვის, შეიცავს ნედლეულს და ინახავს ინფორმაციას ბუნებრივი და კულტურული ისტორიის შესახებ. ნიადაგი არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მოსაფრთხილებელი ქონება, რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ჩვენგან დაცვას: ის ჩვენი არსებობის საფუძველია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიადაგი ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. მიუხედავად ამისა, ის სავსეა სიცოცხლით.
სიცოცხლის ციკლი
ნეშომპალას წარმოქმნა გარდაქმნის მუდმივი პროცესია, რომელიც ნიადაგში მიმდინარეობს. ის არის გასაღები ჯანსაღი ნიადაგისთვის, რომელსაც აქვს ძალა, გახდეს უფრო ნაყოფიერი, როდესაც ორგანიზმების ერთობა, რომელსაც ნიადაგის საკვებ ქსელს უწოდებენ, ერთად მუშაობს. ეს ციცქნა არსებები და მიკროორგანიზმები იხრწნება და ნიადაგში ერთმანეთს ერევა, რაც სამგანზომილებიან სტრუქტურებს ქმნის. თიხა-ნეშომპალას კომპლექსებად წოდებულ ამ სტრუქტურებს აქვს ფორები, გასასვლელები და ღრმულები ჰაერისა და წყლისთვის. აქ ცოცხალ არსებებს საკმარისი ჰაერი აქვთ სასუნთქად, ხოლო მცენარეთა ფესვებს - წყალი და საჭირო სივრცე ზრდისთვის. თიხა-ნეშომპალას კომპლექსები ნიადაგის სინოტივეს უზრუნველყოფს, მათი წყალობით ნიადაგი უფრო ფაშარი, უფრო ფოროვანი და ამავე დროს უფრო სტაბილური ხდება.
ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგი უფრო მედეგია ქარისა და წყლის ეროზიის, ამინდის ექსტრემალური პირობებისა და კლიმატის ცვლილების მავნე გავლენების მიმართ. ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია მიწისქვეშეთის მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან არსებებზე ზრუნვა, მათ უნდა მივცეთ დრო და სათანადო საკვები მათი ძალიან საჭირო შრომის მხარდასაჭერად.
- ჩვენი პლანეტის ორგანიზმების 1/4-დან 1/3-მდე ნიადაგში ცხოვრობს.
- ნიადაგის მოცულობის 40-დან 60 პროცენტამდე ღრუ სივრცეს უჭირავს, ანუ სივრცეს ნიადაგის ნაწილაკებს შორის.
- ჭიაყელებით კარგად დასახლებული ნიადაგის 1 კვადრატული მეტრი ფართი შეიძლება 400 ვერტიკალურ მილს შეიცავდეს, რაც სიგრძეში 1000 კილომეტრს შეადგენს.
ნიადაგის ცხოვრება გასაოცრად მრავალფეროვანია
ერთი მუჭა მიწა ერთი მუჭა სიცოცხლეა. არსად არის სიცოცხლე ასე შემჭიდროებული. თუმცა მიწის ჭიაყელების, ლოკოკინებისა და ხოჭოების გარდა ჩვენ თითქმის ვერასოდეს ვხედავთ ცოცხალი არსებების უდიდეს უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, ნიადაგში სახეობათა დიდი მრავალფეროვნება არსებობს. მეცნიერებმა დაითვალეს ნიადაგში არსებული ცალკეული ორგანიზმები და აღმოჩნდა, რომ ბიომრავალფეროვნება არსად სხვაგან ისეთი დიდი არ არის, როგორც ნიადაგში. უთვალავი მცენარე, ცხოველი, სოკო და მიკროორგანიზმი აქ თავის საქმეს აკეთებს და მკვდარ ორგანულ მასალას ნეშომპალად გარდაქმნის. მათ წვლილი შეაქვთ ჯანსაღი, პროდუქტიული ეკოსისტემის შექმნაში. ჯანსაღი ნიადაგის ერთი კუბური მეტრი - წარმოიდგინეთ მიწის კუბი, რომლის ყოველი გვერდი ერთი მეტრის სიგრძისაა - 5000 მილიარდი ცოცხალი ორგანიზმის სახლია. შედარებისთვის, დედამიწაზე 7,8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
ნიადაგის ბიომრავალფეროვნება ჯერ არ არის საკმარისად შესწავლილი. მაგრამ ცნობილია, რომ მცენარეული და ცხოველური მიკროორგანიზმები მიწისქვეშეთის ყველაზე გავრცელებული ბინადრები არიან. ნიადაგის ერთი გრამი შეიძლება შეიცავდეს 4000-დან 7000-მდე სახეობის 100 მილიონ ბაქტერიას. სოკოებთან და წყალმცენარეებთან ერთად ისინი შლიან რთულ ნაერთებს, როგორიცაა ცილები, ცელულოზა და ლიგნინი, და წარმოქმნის ახალ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეებს საკვებით უზრუნველყოფს - საკუთარი პატარა სამყარო რთული კვებითი ურთიერთობებით.
როგორ ზრუნავენ ჭიაყელები ნიადაგის ნაყოფიერებაზე
ჭიაყელები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ნიადაგის ნაყოფიერებაში. ისინი ნიადაგის ფენებს შორის მოგზაურობისას ისინი მიწაში ერთ მეტრამდე სიღრმის გვირაბებს თხრიან, რომლებსაც თავიანთი ლორწოთი ამაგრებენ. ეს გვირაბები შეიძლება ქვედა, საყრდენი კლდის სიღრმემდე ჩადიოდეს. მათ ღრუებში ჰაერი და წყალი ხვდება და სივრცეს ქმნის მცენარეთა ფესვების გასადგმელად. ფესვებს მცენარეული ნარჩენები ნიადაგის უფრო ღრმა ფენებში შეაქვს და, შესაბამისად, ნეშომპალას შემცველობა იქაც მაღლდება. ჭიაყელები, შეიძლება ითქვას, გადახნავენ მთელ ნიადაგს, აფხვიერებენ და ჰაერით ავსებენ მას. ამ ამოცანას ჭიაყელები ნებისმიერ სახნავ იარაღზე უკეთ ასრულებენ, მცენარის ნარჩენებსა და მიწის ნაწილაკებს ერთმანეთში ურევენ. გარდა ამისა, ისინი ინელებენ ყველაფერს, რაც ნიადაგში ხვდებათ. ჭიაყელების ნაწლავში ორგანული მასალა მინერალურ კომპონენტებსა და მიკროორგანიზმებს ერევა. მონელების პროდუქტია ის, რასაც მებაღეები ასე აფასებენ და რაც მცენარეებს სჭირდება: თიხა-ნეშომპალას კომპლექსები, გამდიდრებული მცენარეთა მკვებავი ნივთიერებებით, როგორიცაა აზოტი, მაგნიუმი და ფოსფორი.
მთელი მისი მრავალფეროვნებით, ნიადაგი დასრულებული, ძვირფასი რესურსია. 5 სმ ნიადაგის წარმოქმნას შეიძლება 1000 წელი დასჭირდეს. მხოლოდ ნაყოფიერ ნიადაგს შეუძლია საკვებით ჩვენი ხანგრძლივად უზრუნველყოფა და ბუნებისთვის სასიცოცხლო საფუძველის შექმნა.
1 კვადრატული მეტრი ფართის და 30 სანტიმეტრი სიღრმის მქონე ნიადაგში შეიძლება შემდეგი ორგანიზმები არსებობდეს:
- 60,000,000,000 ბაქტერია
- 1,000,000,000 სოკო
- 500,000,000 ერთუჯრედიანი
- 10,000,000 მრგვალი ჭია
- 1,000,000 წყალმცენარე
- 150,000 ტკიპა
- 100,000 ბოლოფეხიანი
- 25,000 თეთრი რგოლოვანი ჭია
- 200 ჭიაყელა
- 200 ბუზის ჭია
- 150 ტუჩფეხიანი
- 100 ხოჭო
- 50 ნამისჭია
- 50 ობობა
- 50 ლოკოკინა
ჯანსაღი ნიადაგი: კლიმატის დაცვა მიწის წიაღში
ნიადაგი და კლიმატი გავლენას ახდენს ერთმანეთზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილება აჩქარებს ნიადაგში დაშლის პროცესებს, რის შედეგადაც ნიადაგიდან მეტი CO2 გამოიყოფა ატმოსფეროში. ეს იმას ნიშნავს, რომ CO2-ის გამოთავისუფლება გლობალურ დათბობის პროცესს აძლიერებს. თუმცა, ნიადაგის ორგანიზმების აქტიურობა სხვა ბევრ ფაქტორზეცაა დამოკიდებული, მათ შორის, წყლისა და მკვებავი ნივთიერებების ხელმისაწვდომობაზე, რაც პროგნოზების გაკეთებას ართულებს. ერთი რამ ცხადია: ჯანსაღი ნიადაგი უკეთ ინახავს CO2-ს, რაც ხელს უწყობს კლიმატის დაცვის მიზნების მიღწევას.
მაგრამ პესტიციდები, ხელოვნური სასუქები და მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა აზიანებს ნიადაგს, რაც ტონობით სათბურის აირების გამოთავისუფლებას განაპირობებს. ნიადაგის ინტენსიური დამუშავება ანგრევს თიხა-ნეშომპალას კომპლექსებს, რის შედეგადაც გამოიყოფა და იშლება ორგანული მასალა, რომელსაც ეს კომპლექსები შეიცავს. ეს აგრეთვე განაპირობებს ნიადაგში მეტი ჟანგბადის შეღწევას, რაც ნიადაგის მიკროორგანიზმებს ააქტიურებს და ისინიც უფრო ინტენსიურად გარდაქმნიან ნეშომპალას CO2-ად. ნოტიო მინდვრებზე გრუნტის წყლების დონის დაწევა სახნავ-სათესი მიწის მოსაპოვებლად აგრეთვე ფიტავს ნიადაგს. შედეგად მიკროორგანიზმები სწრაფად შლიან ნიადაგში ნახშირბადის მარაგებს.
ნახშირბადის გლობალური გამოთვლილი მარაგები:
- 38,000 მილიარდი ტონა ოკეანეებში.
- 2,700 მილიარდი ტონა ნიადაგში.
- 780 მილიარდი ტონა ატმოსფეროში.
- 575 მილიარდი ტონა მცენარეულობაში.
კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) სათბური აირების ემისიის 31 პროცენტს უშუალოდ სოფლის მეურნეობასა და მიწათსარგებლობის ცვლილებას უკავშირებს.
დღევანდელი ვითარებით ნიადაგები საფრთხეშია
ერთი შეხედვით, ერთი მუჭა მიწა თითქოს ბევრი არაფერია. ყავისფერი კოშტები, ერთი-ორი ქვა, იქნებ, ფესვების ნაგლეჯები და, უკეთეს შემთხვევაში, ჭიაყელა, რომელიც მასში იკლაკნება. მაგრამ რამდენად ჯანსაღია ის - ბაქტერიების, ხოჭოებისა და მრავალი სხვა ცოცხალი არსების საბუდარი?
რამდენად ჯანსაღია ნიადაგი?
ნიადაგის სიჯანსაღის შესაფასებლად იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სჭირდებათ ჭიაყელებსა და სხვა მშრომელებს მიწის ქვეშ კარგი ცხოვრებისთვის. პირველ რიგში, მათ სჭირდება საკვები მთელი წლის განმავლობაში: მათ უყვართ მცენარეები, მცენარეების ნარჩენები და კომპოსტირებული ნაკელი. მათ არ უყვართ შხამები, არ უყვართ მათი სახლის ამოყირავება ან შემჭიდროება. ნიადაგის ხვნისას ვერტიკალურად განლაგებული ფენები შეიძლება ერთმანეთს შეერიოს. უეცრად ზედაპირზე საკვები ქრება, რასაც ნარჩენების მომნელებლები, როგორიცაა ლოკოკინები, ბოლოფეხიანები, ხოჭოები და ნამისჭიები, შიმშილობამდე მიჰყავს.
მხოლოდ გერმანიაში ჭიაყელების დაახლოებით 46 სხვადასხვა სახეობა არსებობს. მინდვრებში, რომლებსაც ინტენსიურად ამუშავებენ, მხოლოდ რამდენიმე სახეობაა აქტიური. დანარჩენი ვერ ცოცხლობს ცარიელ, გამოფიტულ ნიადაგში, იქნება ეს ბაღი თუ მინდორი. შესაბამისად, ისინი ვერ ასრულებენ თავიანთ მთავარ ამოცანას, როგორც ნიადაგის აერატორები და წყალდიდობისგან დამცველები.
- ევროპის ნიადაგების 45 პროცენტის ხარისხი დაქვეითებულია, რასაც ადასტურებს მათში ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობა.
- პროგნოზების თანახმად, ევროპის მინდვრებზე ყოველწლიურად 60 000-დან 400 000 ტონამდე მიკროპლასტმასი ილექება. ის რამდენიმე ასეული ათასი ტონა საკანალიზაციო შლამის საშუალებით ვრცელდება.
- ითვლება, რომ ბალტიის ზღვაში ფსკერის 70 000 კვადრატული კილომეტრი ბიოლოგიურად მკვდარია. მიზეზი: მათში აზოტისა და ფოსფორის მომატებული რაოდენობაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან.
დეგრადირებული ან მკვდარი ნიადაგი
ევროპის ნიადაგი სტრესის ქვეშაა. მისი სიცოცხლისუნარიანობა ქვეითდება ქიმიური სასუქებისა და შეწამვლის, ჭარბი გამოყენებისა და ეროზიის გავლენით. ამას შეესაბამება ტექნიკური ტერმინი - ნიადაგის დეგრადაცია. გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, ნიადაგების უმეტესობაში ნეშომპალას შემცველობა 2-დან 10 პროცენტამდეა. ამ თხელ ფენას ჩვენ ისე ვიყენებთ, თითქოს ის დაუშრეტელი წყარო იყოს და ყოველწლიურად 20 მილიარდ ტონა ნაყოფიერ ნიადაგს ვკარგავთ.
ნიადაგს, თავის მხრივ, მცენარეული საფარი სჭირდება, ნაგრამ ჩვენ მას ამ დაცვას ვართმევთ. ამიტომ უნაყოფო სასოფლო-სამეურნეო მიწების უზარმაზარ უბნებზე ქარი და წყალი თარეშობს. მათი ზემოქმედება ნიადაგის ეროზიას იწვევს, ნაყოფიერ ფენას მტვრის უზარმაზარ ღრუბლებად ანიავებს ან რეცხავს.
ნიადაგის დეგრადაციის შედეგები
სხვა ტერიტორიებზე ადამიანები აშენებენ შენობებს, რაც ნიადაგს ლუქავს და სამუდამოდ ანადგურებს. საძოვრებად ჭარბი გამოყენება და ტყის ჭრა აგრეთვე აზიანებს ნიადაგს. დეგრადირებული ნიადაგი ვეღარ ასრულებს თავის მრავალფეროვან ფუნქციებს. ის კარგავს უნარს, წვიმის წყალი შეიწოვოს და სიღრმისკენ მიმართოს. შედეგად გრუნტის წლის დონე იკლებს.
- მსოფლიოს მასშტაბით 2 000 მილიონი ჰექტარი ნიადაგია დაზიანებული ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დეგრადაციით.
- ევროკავშირში ძლიერი წვიმა ყოველწლიურად 970 მილიონ ტონა ნაყოფიერ ნიადაგს რეცხავს.
- მსოფლიოს ტერიტორიის 1/4, რომელსაც თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო მიზნით იყენებდნენ, დაზიანებული და გაუდაბურებულია.
- 4 მილიონი ჰექტარი, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთის და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, დაზიანებულია ნიადაგის დამლაშებით.
- მხოლოდ გერმანიაში ყოველდღიურად 60 ჰექტარ დაუმუშავებელ მიწას ითვისებენ დასახლებისა და გზების გაყვანის მიზნით - ეს არის დაახლოებით 31 000 ფეხბურთის მოედანი წელიწადში.
სამრეწველო მიწათმოქმედება: ნიადაგის გადაჭარბებული გამოყენება
აყვავებული მწვანე მდელოები, მარცვლეულის მოშრიალე მინდვრები, სიმინდის ყანები და ყვითელი რაფსი, სადამდეც მზერა მისწვდება: მომხიბლავი სანახაობა. მაგრამ გარეგნობა მატყუარაა: მინდვრების სიხასხასე არაფერს ამბობს მიწისქვეშა ნიადაგის მდგომარეობაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწა უკვე დიდი ხანია, აღარ არის საკვები ნივთიერებებით მდიდარი საფუძველი მცენარეთა ჯანსაღი ზრდისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ სამრეწველო სამიწათმოქმედო სისტემები იყენებს არა მდგრად მეთოდებს, არამედ სინთეზურ აგენტებს. პესტიციდებმა ჩაანაცვლა ნიადაგის ბაქტერიებისა და მიწის ჭიების მიერ მავნებლების ბუნებრივი კონტროლის პროცესი. საკვები ნივთიერებების ბუნებრივი გადამუშავება ხელოვნური სასუქებით ჩანაცვლდა. მონოკულტურებმა, ხვნამ და განაყოფიერებამ შეიძლება გაზარდოს მოსავლიანობა მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ნიადაგის ჯანმრთელობა და ნაყოფიერება ზარალდება. ნიადაგი თანდათან დეგრადირდება და უბრალოდ დამჭერ სუბსტრატად იქცევა.
- დედამიწაზე დაახლოებით 1400 მილიონი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა არსებობს.
- ყოველწლიურად იკარგება 10 მილიონი ჰექტარი ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო მიწა.
- გერმანიაში სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენება 16,7 მილიონი ჰექტარი მიწა.
- ამ მიწის 7,8 პროცენტი ბიოლოგიური წესით მუშავდება.
ტექსტი: ზუზი ლოტცი
წყაროები:
Bodenatlas 2015, Der Boden (Susanne Dohrn), Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH, Deutsche Welle, Deutscher Landwirtschaftsverlag, Deutschlandfunk, Energiewende-Magazin 6/2020, Europäische Umweltagentur, FiBL, Johann Heinrich von Thünen-Institut, Julius Kühn-Institut, Kreo 01/2020, Max-Planck-Gesellschaft, Nature & More, oekolandbau.de, Saatgut (Anja Banzhaf), Save Our Soils, Slow Food, Statista, Stiftung Wissenschaft und Politik, Umweltbundesamt, Was ist und wie entsteht Humus? (Schnug / Haneklaus), World Ocean Review, WWF, Zukunftsstiftung Landwirtschaft (Wege aus der Hungerkrise, 2013)