ბუნება

რა უნდა ვიცოდეთ ნიადაგის მდგომარეობის შესახებ

ადამიანები, ცხოველები და მცენარეები ჯანსაღ ნიადაგზე არიან დამოკიდებულები -

ნიადაგი მიწათმოქმედების საფუძველია. აგრონომი, სოფლის მეურნეობის პედაგოგი და ნიადაგმცოდნე დოქტორი ულრიხ ჰამპლი გვიხსნის, თუ რა როლს თამაშობენ მოკროორგანიზმები ნიადაგის სიჯანსაღეში და როგორ შეიძლება გამოუცდელმა თვალმაც კი ამოიცნოს ჯანსაღი, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგი.

მოგზაურობისას თვალში ხშირად გხვდება შავი ფერის, ცარიელი მინდვრები. არის თუ არა ეს სურათი ტიპური ზამთრის პერიოდისთვის?

ულრიხ ჰამპლი: სამწუხაროდ, არის. მაგრამ ნიადაგი ყოველთვის გამწვანებული უნდა იყოს, მათ შორის, ზამთარშიც - ზამთრის ნარგავებით. ყოველთვის გული მტკივა, როდესაც მანქანით მგზავრობისას ამგვარ სავარგულებს ვხედავ. ცარიელი მინდვრები ღია ჭრილობებია ეკოსისტემებისთვის.

თქვენ უკვე 30 წელია ნიადაგს იკვლევთ. რა სჭირდება ნიადაგს იმისთვის, რომ ჯანსაღი იყოს?

უ.ჰ: მარტივად რომ ვთქვათ, სიჯანსაღისთვის ნიადაგს სჭირდება, რომ მასში მცენარეები იზრდებოდეს. მცენარეები საკვებია ნიადაგისთვის, ისე როგორც ჩვენთვის და ცხოველებისთვის, ზოგადად. ბუნებაში, რომელსაც ადამიანი არ ამუშავებს, არასოდეს არის სრულიად ცარიელი ადგილი, იქ ყოველთვის იზრდება მცენარეები.

ცარიელი მინდვრები ღია ჭრილობებია ეკოსისტემისთვის.

ადამიანს, რომელიც არ არის ექსპერტი, უბრალოდ ლანდშაფტის სურათის მიხედვით შეუძლია მიხვდეს, რა მდგომარეობაშია ნიადაგი?

უ.ჰ: დიახ: სცადეთ, ლანდშაფტს ფუტკრის თვალით შეხედოთ, რომელიც ყვავილებს ეძებს. მაშინ ადვილად დაინახავთ, რომელი ლანდშაფტია მრავალფეროვანი და შეუძლია რამის შეთავაზება, და რომელი - არა.

დიდი ფართის მომცველი კულტივირებული ლანდშაფტები ხშირად მონოტონურად გამოიყურება, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი მწვანეა.

უ.ჰ: ამის მიზეზი ისაა, რომ იქ ხშირად საერთოდ არ არის სამყურას სახეობები ან სამკურნალო მცენარეები. ნაკელით ან აზოტით გამდიდრების შედეგად იქ მხოლოდ ბალახი იზრდება, რომელიც საკვებია ძროხებისთვის, მაგრამ არა სხვა ცხოველებისთვის, რომლებიც მიწაზე ან მიწაში ცხოვრობენ.

ესე იგი, ხილული უდაბნო მიწისქვეშა უდაბნოსაც ნიშნავს?

უ.ჰ: დიახ. მცენარეთა სიმწირე ნიადაგის ორგანიზმებისთვის ნაკლებ საკვებს ნიშნავს. ამის დანახვა ნათლად შეიძლება მიკროსკოპის საშუალებით. მონოკულტურული მეურნეობიდან აღებულ ნიადაგში ბიომრავალფეროვნება ბევრად დაბალია ბიოლოგიური, რეგენერაციული მეურნეობიდან აღებულ ნიადაგთან შედარებით.

შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე ნიადაგში შიმშილით კვდება?

უ.ჰ: ზუსტად, რადგან, ისევე როგორც ჩვენ, მასაც სჭირდება ენერგიით სავსე საკვები. ფერმერებს ყოველთვის ვეუბნები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გყავთ პირუტყვი, თქვენ უნდა მოიყვანოთ საკვები ცხოველებისთვის. კერძოდ, მიწის ქვეშ მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმებისთვის, ნიადაგის სიცოცხლისთვის.

როგორ კვებავენ მცენარეები სიცოცხლეს ჯანსაღ ნიადაგში?

უ.ჰ: მცენარეები ფოთლების საშუალებით შთანთქავენ მზის სინათლეს და ენერგიად გარდაქმნიან წყალთან და ნახშირორჟანგთან ერთად. ამ პროცესს ფოტოსინთეზი ეწოდება. აქ სინთეზირებული ნივთიერებებიდან ზოგიერთს, მცენარეები თავიანთი ფესვების საშუალებით ნიადაგში გამოყოფენ.

 

ნიადაგში ნეშომპალას შემცველობა ნიადაგის სიჯანსაღის მთავარი საზომია. უკანასკნელ ათწლეულებში ის შემცირდა.

შეგიძლიათ, აგვიხსნათ, როგორ მიმდინარეობს პროცესი?

უ.ჰ: მცენარეები ფესვების საშუალებით გამოყოფენ ნიადაგში ენერგიით მდიდარ ნაერთებს, ისინი მუდმივად იკეთებენ წვრილ ფესვებს, რომლებსაც შემდეგ იცილებენ, რაც ნიადაგის ორგანიზმებისთვის საკვებს უზრუნველყოფს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მცენარეები ნიადაგში იყოს ფესვგადგმული და ნიადაგის სიცოცხლეს მთელი მისი მრავალფეროვნებით საკვები ჰქონდეს.

შესაძლებელია თუ არა ნიადაგის სიჯანსაღის გაზომვა?

უ.ჰ: ნიადაგში ნეშომპალას შემცველობა ნიადაგის სიჯანსაღის მთავარი საზომია. უკანასკნელ ათწლეულებში ის შემცირდა. ის უკვე კრიტიკულად დაბალია სახნავ ნიადაგებში. ეს აჩვენა ნეშომპალას კვლევამ, რომელიც გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაატარა. ნიადაგის ჯანმრთელობის შესაფასებლად ფერმერებს ვურჩევ ნიჩბით დიაგნოსტირების ხერხის გამოყენებას, რომელიც დრომ გამოცადა. ჯანსაღი ნიადაგი სავსეა სიცოცხლით, რაც მის მარცვლოვან სტრუქტურას განაპირობებს, რომლის ამოცნობა ძნელი არ არის.

რატომ მოიპოვა მონოკულტურებმა უპირატესობა სოფლის მეურნეობაში?

უ.ჰ: იმიტომ, რომ საკვები იაფი იყოს. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ის დიდი რაოდენობით მოჰყავთ - მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებით. უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ სულ რამდენიმე ძირითადი კულტურა დარჩა, კერძოდ, ხორბალი, შაქრის ჭარხალი, სიმინდი და ქერი. აქაც სულ უფრო იკლებს სახეობები, ჯიშები და შერეული კულტურები. ამ გამარტივებას ნიადაგი სარეველას ინტენსიური ზრდით პასუხობს, რომელსაც შემდეგ ჰერბიციდებით ებრძვიან. კულტივირების ამ ხერხით დიდი მოსავლის მიღება შეიძლება, უფრო სწორად, შეიძლებოდა, რადგან ეს სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება.

რას უქადის ეს ნიადაგს გრძელვადიან პერსპექტივაში?

უ.ჰ: ნიადაგები სულ უფრო მეტად კარგავს ნეშომპალას, რაც ცუდია მრავალი თვალსაზრისით. ნეშომპალა ნიადაგს ეროზიისგან იცავს, მაგალითად. ეროზიისგან დაცვა კი სულ უფრო აქტუალური ხდება კლიმატის ცვლილებისა და ძლიერი წვიმების გახშირების გამო, რომლებიც ნიადაგს რეცხავს. ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგი არა მხოლოდ უფრო სტაბილურია, არამედ უკეთ ინახავს წყალს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვალვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

„ფერმერების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს. ასე რომ ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ საქმიანობენ, სულ უფრო და უფრო დიდ ფართობებს ამუშავებენ.“

გვალვის ხანგრძლივი პერიოდები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ერთ-ერთი საშიში ცვლილებაა. ეს და ძლიერი ნალექები დიდ გამოწვევას უქმნის სოფლის მეურნეობას. მაშ, ბედნიერი ნიადაგი ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგია?

უ.ჰ: რა თქმა უნდა. ნიადაგს სჭირდება სიცოცხლე და სტაბილური სტრუქტურები, რომ ღრუბლის მსგავსად შეიწოვოს და დააგროვოს წყალი. სტაბილური ღრუბლოვანი სტრუქტურის წყალობით ნიადაგს ბევრად უფრო მოქნილად შეუძლია, გაუმკლავდეს როგორც ნალექიან, ისე მშრალ გარემო პირობებს. შედგები, რომლებიც 2018 წლის გახანგრძლივებული გვალვის შემდეგ მივიღეთ, ამას ადასტურებს.

მძიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაც აზარალებს ნეშომპალას. მძიმე წონა ნიადაგს ტკეპნის. რატომ გახდა ეს მანქანები ასეთი დიდი და მძიმე?

უ.ჰ: ფერმერების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს. ასე რომ ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ საქმიანობენ, სულ უფრო და უფრო დიდ ფართებს ამუშავებენ. გასაგებია, რომ ამას უფრო დიდი მანქანები სჭირდება. ნიადაგის გამკვრივება, რომელსაც მძიმე ტექნიკის გამოყენება იწვევს, კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა.

როგორ შეგვიძლია ვითარების გაუმჯობესება?

უ.ჰ: ბიოლოგიური მეურნეობით! (იცინის) ყოველთვის ძალიან გულგატეხილი ვარ, როდესაც პოლიტიკოსები ამას ცხადად არ ამბობენ. რადგან უკვე ათწლეულებია, რაც ბიოლოგიურმა მეურნეობამ ყველა ამ კითხვას პასუხი გასცა. ის არ იყენებს ქიმიურ და სინთეზურ სასუქებს, ანუ ნიადაგმა თვითონ უნდა უზრუნველყოს მოსავალი. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ნიადაგის ნაყოფიერებაზე ზრუნვა. ეს ნიშნავს კულტურების მრავალფეროვნებას. იდეალურ შემთხვევაში, ეს არის არა სამი, არამედ შვიდი კულტურის მონაცვლეობით თესვა ერთიმეორეს მიყოლებით. ეს მოიცავს კულტურების შეთავსებას და მწვანე სასუქის გამოყენებას მინდვრებზე ბიომრავალფეროვნების აქტიური შექმნისა და მხარდაჭერისთვის.  აგრეთვე ძირითად კულტურებთან ერთად მოზარდი ზოგიერთი სარეველას შენარჩუნებას, როგორც ბუნებრივი მცენარეული საფარის.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ უმჯობესია, სარეველა დავტოვოთ?

უ.ჰ: ამას ფერმერის ოსტატობა სჭირდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ძირითად კულტურასა და სარეველების ზრდას შორის წონასწორობა ისე დაიცვას, რომ ძირითადი კულტურიდან მიღებული მოსავალი საკმარისი იყოს.

კიდევ რა არის საჭირო კარგი ნიადაგისთვის?

უ.ჰ: თუ შესაძლებელია, ძალიან ხელსაყრელია ბიოლოგიური მეურნეობის შერწყმა მეცხოველეობასთან. მცენარეებს, რომლებიც ცხოველების საკვებად გამოიყენება, ძლიერი, ღრმა ფესვები აქვთ. ბიოლოგიური სასუქის გამოყენება შეიძლება ნიადაგში ნეშომპალას შემცველობის შესანარჩუნებლადაც. ბიოლოგიურ მეურნეობაში უკვე გაცნობიერებული აქვთ მისი სარგებლობა.

ბიოდინამიური მეურნეობა ნიადაგის სპეციალურ პრეპარატებს იყენებს. არის თუ არა ამგვარი ფერმების ნიადაგი უფრო ჯანსაღი?

უ.ჰ: დემეტრას ფერმერები იტყოდნენ: რა თქმა უნდა! (იცინის) ისინი მართლაც ამატებენ ბიოლოგიურ მეურნეობასთან შედარებით, მაგალითად, ბიოდინამიურ პრეპარატებს, რომლებიც ემსახურება ზრდის უნარებისა და ნიადაგის სიცოცხლის ხელშეწყობას და ჯანსაღ ნიადაგში ამ პროცესების წონასწორობაში მოყვანას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეპარატია რქის ნაკელი. შემდეგ არის რქის კაჟმიწა, რომელიც აძლიერებს დამწიფების პროცესზე მზის გავლენას, მარტივად რომ ვთქვათ. და ბოლოს, არის კომპოსტის პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანული სასუქების ბალანსის გაძლიერებას, რომ ნიადაგმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

ხარჯები, რომლებიც სასმელ წყალში ნიტრატების არსებობის გამო გვაქვს, წესით, კონვენციური ხერხით წარმოებული პროდუქტების ფასს უნდა დაემატოს.

ჩვენი საკვები ყოველთვის შეუზღუდავი რაოდენობით არის ხელმისაწვდომი, ფასები კი სტაბილურია. რა ნიშნებმა უნდა აჩვენოს მომხმარებელს, რომ ნიადაგის ჯანმრთელობა დაქვეითებულია?

უ.ჰ: ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. დღესდღეობით მოუსავლიანობა არ იწვევს ფასების ზრდას ჩვენს ქვეყანაში. აქამდე ჯერ არ მივსულვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ საკვების ნამდვილი ღირებულებიდან. ეს ხარჯები კონვენციური ხერხით წარმოებული პროდუქტების ფასს უნდა დაემატოს. მისი წყალობით გვაქვს ნიტრატები სასმელ წყალში და პესტიციდები საკვებში, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. ვინც ეს  იცის, ამაზე უნდა ილაპარაკოს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნოს.

ნიადაგის ნაყოფიერების ფონდი

ბიოლოგიურ მეურნეობაშიც კი ფერმერი ისეთი წნეხის ქვეშაა, რომ ნიადაგის ნაყოფიერებას ვერ ექცევა სათანადო ყურადღება. შვეიცარიის ბიოლოგიური ფონდის ნიადაგის ნაყოფიერების ფონდი ფინანსურ დახმარებას და საექსპერტო კონსულტაციას უწევს 30 დემეტრას და ბიოლოგიურ მეურნეობას ბოდენის ტბის რეგიონში. ეს მათ აძლევს თავისუფლებას, ბოლოსდაბოლოს ისე იზრუნონ თავიანთ ნიადაგებზე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ. სხვა მიზნები მოიცავს დიალოგის ხელშეწყობას მონაწილეთა შორის, მაგალითად, სპეციალური ტრენინგების საშუალებით, და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საწყისი საპილოტე ფაზის შემდეგ ნიადაგის ნაყოფიერების ფონდი განაგრძობს მუშაობას 2024 წლამდე. 

დოქტორი ულრიხ ჰამპლი

ნიადაგმცოდნე

დრ. ულრიხ ჰამპლი არის აგრონომი, სოფლის მეურნეობის პედაგოგი და შვეიცარიის ბიოლოგიური ფონდის (Bio-Stiftung Schweiz) პროექტის ხელმძღვანელი