როგორ აგროვებენ ზღვაში პლასტმასის ნარჩენებს
ინტერვიუ არაკომერციული გარემოსდამცველი ორგანიზაციის "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" წარმომადგენელ ბეტინა კელმთან.
ორგანიზაცია "ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე" თავისი კონცეფციით „ ნაგვისგან ზღვის გაწმენდა“ ხელს უწყობს ზღვებსა და შიდა წყლებში პლასტმასის ნარჩენების, ნავთობისა და ქიმიკატების მოშორებას. როგორ ხორციელდება ეს?
ბეტინა კელმი: ჩვენ გვაქვს ნარჩენების შემგროვებელი ორი ტიპის ხომალდი. ისინი პლასტმასის ნაგვის შესაგროვებლად იყენებენ ბადეებს, რომელთა ჩაშვება ოთხი მეტრის სიღრმეზეა შესაძლებელი. ერთი ტიპის- "SeeHamster" (ზღვის ზაზუნა) ხომალდები გამოიყენება შიდა წყლებში. ზღვის სანაპირო ზოლისთვის კი გამოიყენება უფრო დიდი კატამარანი-"SeeKuh" (ზღვის ძროხა). ამ მოდელს აქვს სპეციალურად შექმნილი ბადის კონსტრუქცია, რომელიც დამაგრებულია მის ორ კორპუსს შორის.
რატომ აკეთებთ ამას?
ბ.კ. ჩვენს ოკეანეებში ვითარება კრიტიკულია. დღეს მსოფლიო ოკეანეებში დაცურავს დაახლოებით 150 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი 1, - რომელთა ერთი მესამედი შეფუთვა და ერთჯერადი პროდუქტებია. ყოველწლიურად ამას ემატება კიდევ 4,8-დან 12,72 მილიონამდე ტონა, რაც წუთში დაახლოებით ერთ სატვირთო მანქანის დატვირთვას შეესაბამება. პლასტმასის ნარჩენები არ იშლება ზღვაში და საუკუნეების განმავლობაში რჩება გარემოში; პოლიეთილენის ბოთლის დაშლას დაახლოებით 450 წელი სჭირდება. დროთა განმავლობაში, პლასტმასის ნარჩენები ტალღების, მარილიანი წყლის, ულტრაიისფერი სხივებისა და მექანიკური ზემოქმედებით იშლება წვრილ ნაწილაკებად, რასაც მიკროპლასტიკა ეწოდება. დაახლოებით 5 მილიმეტრიანი ეს ნაწილაკები პლანქტონის ზომისაა და პლანქტონის მჭამელ ცხოველებს საკვებში ერევათ. ტოქსიკური ნაწილაკები ამ გზით ხვდებიან კვების ჯაჭვში. ჩვენი წყლები სავსეა კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენებით, სინთეზური ტანსაცმლის ბოჭკოებით - მანქანის საბურავებისა და ფეხსაცმლის ძირების ცვეთით წარმოქმნილი ნაწილაკებიც ჩვენს მდინარეებსა და ოკეანეებში ირეცხება. დღესდღობით, თითქმის შეუძლებელია მიკროპლასტიკის ბუნებიდან მოცილება.
სად მუშაობთ თქვენი ხომალდებით?
ბ.კ. გერმანიაში, ჰონგ კონგში, კამბოჯაში, ბრაზილიასა და მომავალში ინდონეზიაში. SeeHamster ამჟამად აქტიურია კამბოჯაში და მალე მიიღებს შემდგომ მხარდაჭერას. ჩვენ უკვე წარმატებით შევასრულეთ გამწმენდი სამუშაო ჰონგ კონგში და დანიაში (Kieler Förde).
ჩვენ ასევე ვმუშაობთ ნავთობისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან წყლების გასათავისუფლებლად. ჩვენ ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, ცვილის შემცველ ზეთის შემკვრელს, რომელიც დამზადებულია ბამბისგან. იგი უკვე გამოიყენეს ნიგერიის დელტაში, ნავთობით აფრიკის ერთ – ერთი ყველაზე მდიდარ რეგიონში. იქ ბუნება ძლიერ დაბინძურებულია ნავთობის დაღვრის გამო, რაც ხშირად ხდება ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებსა და მილსადენებზე.
რა ემართებათა თქვენს მიერ შეგროვებულ პლასტიკურ ნარჩენებს?
ბ.კ. ამ მომენტისთვის, ჩვენს მიერ შეგროვებული პლასტიკური ნაგავი გადამუშავდება ხმელეთზე. მომავალში ეს ამოცანა შესრულდება გემზე „SeeElefant“, რომელიც ჩვენ გადავაკეთეთ და მასზე ნარჩენების გადამუშავება მოხდება წყალშივე. ჩვენი მიზანია პლასტიკური ნარჩენების რესურსების ციკლში დაბრუნება. დახარისხებული პლასტმასის ტუკების წარმოების გარდა, პლასტმასის ნარჩენებიდან ვღებულობთ ენერგიას და ზეთს. ერთი ტონა წინასწარ დახარისხებული პლასტმასისგან, ეკოლოგიურად სუფთა გზით, დაახლოებით 900 ლიტრი გოგირდისგან თავისუფალი მსუბუქი ზეთის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გემებზე.
რა არის თქვენი ხედვა?
B.K. ჩვენ მოვუწოდებთ შეიქმნას ნარჩენების თავიდან აცილების გონივრულ სისტემა, რომელიც გულისხმობს მრავალჯერადი შეფუთვის გამოყენებას, მეორადი შეფუთვის წარმოებაში სტანდარტების გაუმჯობესებას. ასევე ვზრუნავთ მიკროპლასტიკის სწრაფი და ყოვლისმომცველი აკრძალვისთვის, როგორც მყარი ნაწილაკების, ასევე თხევადი ფორმით. ბუნებრივმა კოსმეტიკურმა პროდუქტებმა უკვე დიდი ხანია დაადასტურა, რომ მათი დამზადება პლასტმასის გარეშეც შესაძლებელი. აუცილებელია ამ საკითხზე ხალხის შეგნების ამაღლება. ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია წყლის ზედაპირზე მცურავი პლასტმასის დიდი ზომის ნაწილების ამოღებაზე - ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გარდა ამისა, შემოწირულობების დახმარებით, ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების სამართლიანი ხელფასი, რომლებიც მუშაობენ საზღვაო ნაგვის შეგროვებაზე მძიმე რეგიონებში, მაგალითად, აზიასა და აფრიკაში.
ჩვენ ასევე ვაგროვებთ და ვაანალიზებთ დაბინძურებული წყლების მონაცემებს. ეს მონაცემები წარმოდგენილია ჩვენს მიკროპლასტმასის დაბინძურების რუკაზე, რომლის ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ. ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაციის ფართო ბაზა საზღვაო ნარჩენების შესახებ.
ინფორმაცია
2013 წელს, ერთი დედამიწა - ერთი ოკეანე გახდა ცნობილი GreenTec ჯილდოს (ევროპის უდიდესი ეკოლოგიური და ბიზნესის პრიზი) მფლობელი
https://www.facebook.com/One-Earth-One-Ocean-163573257046660/