ცხოვრება მეგაპოლისების ეპოქაში
1900 წელს დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 16 % ცხოვრობდა ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებს ახლაც მსოფლიო ტერიტორიის მხოლოდ 2 % უჭირავს, დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს ქალაქებში ცხოვრობს. 2018 წლისთვის მსოფლიოში იყო 548 ქალაქი, რომლის მოსახლეობა 1 მილიონს აჭარბებდა, და 33 ეგრეთწოდებლი მეგაპოლისი თითოეულში 10 მილიონზე მეტი მცხოვრებით.
იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს ტერიტორია დღეს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ მეგაპოლისად ითვლება. უკეთ რომ წარმოიდგინოთ: ტოკიო რომ ქვეყანა იყოს, თავისი 37 მილიონი მცხოვრებით ის 38-ე ადგილს დაიკავებდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების ნუსხაში – პოლონეთსა (38,5 მილიონი მცხოვრები) და კანადას (35,9 მილიონი მცხოვრები) შორის.
ქალაქები იზრდებიან
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის კაცობრიობის 60 % ქალაქებში იცხოვრებს. ლუანდა (ანგოლა), დარ-ეს-სალაამი (ტანზანია), ბაღდადი (ერაყი), ჩენაი (ინდოეთი), ბოგოტა (კოლუმბია), ჩიკაგო (აშშ) და ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) მეგაპოლისებად იქცევა მომავალში. იაპონიის ქალაქი ოსაკა 2030 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ქალაქი იქნება – ამ დროისთვის მისი მოსახლეობის 31 %-ის ასაკი 65 წელს გადააჭარბებს. კანადის მსოფლიო ქალაქების ინსტიტუტის პროგნოზით, 2100 წლისთვის დარ-ეს-სალაამის მოსახლეობის რაოდენობა 73 მილიონს მიაღწევს.
შესაძლებლობები და რისკები
მსხვილ ქალაქებში არის პოტენციალი მდგრადი განვითარების, სოციალური და ტექნიკური ინოვაციებისა და ცხოვრების ინდივიდუალური სტილისთვის. მაგრამ მუდმივი და სწრაფი ზრდის გამო ბევრი მეგაპოლისის ინფრასტრუქტურა გადატვირთულია. ამის ნიშანია გადატვირთული და დაზიანებული გზები, შეფერხებები ენერგიის მიწოდებაში, დასალევად უვარგისი წყალი, ჭუჭყიანი უბნები და მყარი ნაწილაკების ემისიის მაღალი დონე. ამას ემატება ჰაერის დაბინძურებაც. ინდოელი ექიმი და სამეცნიერო საკითხებზე ბლოგების ავტორი რაჯივ დესაი მეგაპოლისების გამართულად მომუშავე რაიონებს „ქალაქებისVIP-ზონებს“ უწოდებს. შესაძლებლობები, რომლებსაც მეგაპოლისი ადამიანს დამოუკიდებელი, საკუთარი არჩევანის შესაბამისად ცხოვრებისთვის სთავაზობს, მეორე მხრივ მარტოობის, ეგზისტენციური კრიზისისა და ბუნებიდან გაუცხოების რისკებს შეიცავს.
მწვანე ნარგავები – ბუნებრივი კონდიცირება
ურბანული გამწვანება უმნიშვნელოვანესია ქალაქში (კარგი) ცხოვრებისთვის. ბოსტნეულის ვერტიკალური ფერმები, გამწვანებული სახურავები და ფასადები, რომლებიც ჰაერის გასუფთავებას უწყობს ხელს, ღია ტერიტორიებზე გაშენებული პარკები ტბებით ან მწვანე ზონები: მცენარეები და ხეები დიდ ქალაქებში ნახშირბადის რეზერვუარის და მტვრის ფილტრის როლს ასრულებს. ქუჩების კანიონები, მჭიდრო განაშენიანება და სამშენებლო მასალები, როგორიცაა ქვა, ბეტონი და ასფალტი, რომლებიც სწრაფად თბება ცხელი ამინდის პირობებში, ადამიანებისა და ცხოველებისთვის სითბურ სტრესს განაპირობებს. ბუნებრივი გამწვანება მოქმედებს, როგორც ბუნებრივი კონდიციონერი. მწვანე ზონები ლოკალურად არეგულირებს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურას და ამით ხელს უშლის სითბური კუნძულების წარმოქმნას ქალაქის ფარგლებში. გარდა ამისა, ცოცხალი ღობეები, პარკები და ხეების რიგები ხმაურის შემცირებასაც უწყობს ხელს.
არქიტექტურა ცოცხლდება
ქალაქში ეკოლოგიური, მწვანე მშენებლობის ხელშესაწყობად „სამშენებლო ბოტანიკის“ ახალ სფეროში არქიტექტურული ექსპერიმენტები ხორციელდება. მზარდ ხეებს იყენებენ ცოცხალი, ცვალებადი სამშენებლო მასალის სახით და ხეებს რთავენ არქიტექტურულ დიზაინში. ამის ერთი მაგალითია გერმანელი არქიტექტორის, ფერდინანდ ლუდვიგის, „ჭადრის ხის კუბი“: ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ ნაგოლდში უამრავი ჭადრის ხე ჩარგეს მეტალის სამსართულიან მოძრავ კონსტრუქციაში. დროთა განმავლობაში ჭადრის ხეები ერთმანეთს შეეზრდება და საყრდენ სტრუქტურას წარმოქმნის. ამგვარმა ცოცხალმა კონსტრუქციებმა დადებითად უნდა იმოქმედოს ქალაქის ეკოსისტემაზე და ხელი შეუწყოს კავშირის გამყარებას ქალაქის მცოვრებლებსა და ბუნების სასიცოცხლო ციკლს შორის. არქიტექტორების შთაგონების წყარო გახდა ინდოეთის მეგჰალაიას შტატის ტყეებში მცხოვრები ხალხის- ხასის მიერ მოწყობილი „ცოცხალი ფესვების ხიდები“.
მიკროგარემოს გამწვანება
რასაც ურბანისტები და არქიტექტორები დიდ მასშტაბში ახორციელებენ, იმას ცალკეული ადამიანები საკუთარ მიკროგარემოში აკეთებენ. ადამიანები თავიანთ ბინებს, აივნებს, შიდა ბაღებსა და უბნებს ამწვანებენ. ცვალებადი ბიოლოგიური ფორმები და ყვავილების, ბალახებისა და ხეების ცვალებადი ფერები ქალაქის სტატიკურ არქიტექტურასთან კონტრაპუნქტს ქმნის. ჩნდება ისეთი პროფესიები, როგორიცაა „მწვანე ინტერიერის დიზაინერი“ და „ეკოლოგიური ინტერიერის დიზაინერი“, რომელთა ამოცანაა საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური, მწვანე დიზაინის შექმნა.
გამწვანებული სასიცოცხლო გარემო და მებაღეობა მალამოა სამშვინველისა და ფსიქიკისთვის. უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნების შეგრძნება. ურბანულ გარემოში ბუნებასთან ხანმოკლე შეხებამაც კი შეიძლება განწყობა შეგვიმსუბუქოს და ახალი ენერგიით აგვავსოს, და, ამავე დროს, შეამციროს ისეთი უარყოფითი შეგრძნებები, როგორიცაა აგრესია, შიში და ბრაზი. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ბუნებასთან ყოველი შეხება დადებითად მოქმედებს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და მოტორულ განვითარებაზე. ამერიკელი ეკოაქტივისტი რიჩარდ ლუვი (The Nature Principle. Reconnecting with Life in a Virtual Age, 2012) დარწმუნებულია: „რაც უფრო მაღალტექნოლოგიურები ვხდებით, მით უფრო მეტი ბუნება გვჭირდება!“
თვითკმარობა და ერთიანობა
ქალაქებში, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა მილიონს აჭარბებს, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საბაღე ნაკვეთებში და ურბანული მებაღეობის პროექტებში სოფლის გარემოსთან მიმსგავსებულ ექსპერიმენტულ ფუნქციურ სივრცეებს ქმნიან და გარკვეულ ავტონომიას მოიპოვებენ საკუთარი ხილის, ბოსტნეულისა და ბალახეულის მოყვანით. ანონიმურ ქალაქში მცენარეებმა შეიძლება ერთიანობის განცდას შეუწყოს ხელი: ვიღაცამ პომიდვრის მოყვანის საუკეთესო ხერხი იცის, ვიღაცას ჩითილების გაზიარება შეუძლია, მეზობლის ბავშვები შეიძლება კარტოფილის მოსავლის აღებაში დაგეხმარონ, ან შეიძლება კოლეგისგან ისწავლოთ, რომ კვერცხის ნაჭუჭი სასუქად გამოდგება;
იცით თუ არა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დეკადა, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას ეძღვნება, 2020 წლამდე გრძელდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო საზოგადოებას ბიომრავალფეროვნების დაცვისკენ მოუწოდებს – თუ თქვენს აივანზე მცენარეებს გააშენებთ, ესეც ერთგვარი ხელშეწყობა იქნება ვითარების შესაცვლელად.
ცნობები:
https://ourworldindata.org/urbanization
www.bbsr.bund.de/BBSR/DE/Veroeffentlichungen/ministerien/BMUB/VerschiedeneThemen/2015/gruenbuch-2015-dl.pdf?__blob=publicationFile&v=2
https://ourworldindata.org/urbanization
https://www.destatis.de/DE/Presse/Pressemitteilungen/2018/07/PD18_253_91.html
https://de.reuters.com/article/deutschland-bev-lkerung-idDEKBN1K00P7
https://geoplay.de/rankings/einwohner.aspx
https://www.destatis.de/DE/Presse/Pressemitteilungen/2018/07/PD18_253_91.html
http://www.urbangateway.org/news/these-will-be-worlds-megacities-2030
https://www.weforum.org/agenda/2018/10/mapping-the-world-s-new-megacities-in-2030/
https://www.visualcapitalist.com/worlds-20-largest-megacities-2100/
https://www.un.org/development/desa/publications/2018-revision-of-world-urbanization-prospects.html
https://timesofindia.indiatimes.com/edit-page/Incredible-India-Indeed/articleshow/5232986.cms
https://davidsuzuki.org/wp-content/uploads/2017/09/impact-green-space-heat-air-pollution-urban-communities.pdf
www.bbsr.bund.de/BBSR/DE/Veroeffentlichungen/ministerien/BMUB/VerschiedeneThemen/2015/gruenbuch-2015-dl.pdf?__blob=publicationFile&v=2
http://heatresilientcity.de/
www.dega-gartenbau.de/Baeume-als-Feinstaubfilter,QUlEPTU1NDMxNDgmTUlEPTUxODQw.html
www.pflanzenforschung.de/de/journal/journalbeitrage/gruene-oasen-zum-durchatmen-pflanzlicher-filter-verbess-10720
www.detail.de/artikel/baubotanik-lebende-architektur-32392/#
www.greenpeace-magazin.de/nachrichten/wie-ein-architekt-mit-baumgebaeuden-staedte-lebenswerter-machen-moechte)
www.eco.ca/career-profiles/sustainable-interior-designer/ www.callwey.de/buecher/wohnen-in-gruen/
www.wanderforschung.de/files/gruentutgut1258032289.pdf
Herbert Renz-Polster/Gerald Hüther: „Wie Kinder heute wachsen: Natur als Entwicklungsraum“, Beltz Verlag
http://richardlouv.com
www.evidero.de/die-ur-geschichte-des-urban-gardenings
www.undekade-biologischevielfalt.de/un-dekade/die-un-dekade-biologische-vielfalt/