დედამიწის ნიადაგი გასაჭირშია
ყველა ცოცხალი სახეობის ორი მესამედი ნიადაგში ცხოვრობს; ჩვენი საკვების 90 პროცენტზე მეტი მიწაზეა მოყვანილი. სახნავი მიწები კი თანდათან ქრება და ის რაც რჩება, სულ უფრო იფიტება - მასში ნაკლები ჰუმუსი და საკვები ნივთიერებაა.
ჩვენს ველებსა და მდელოებს პირდაპირი მნიშვნელობით ფეხებით ვთელავთ, მაგრამ ნიადაგი სიცოცხლის საფუძველია. დედამიწის ქერქის ცოცხალი ნაწილი - ნიადაგი- ფილტრავს წვიმის წყალს ახალი, სუფთა სასმელი წყლის შესაქმნელად. ოკეანეების შემდეგ, ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი ოდენობის ნახშირბადს ინახავს ნიადაგი და არა ტყეები. ნიადაგის გარეშე, საკვები არ გვექნებოდა. ჩვენი საკვების 90 პროცენტზე მეტი მიწაზე იზრდება. ამას გარდა, მის შიგნით სიცოცხლე დუღს: ცოცხალი სახეობების ორი მესამედი მიწისქვეშ ცხოვრობს. ერთ ჰექტარზე (100 მეტრი x 100 მეტრზე) ნიადაგში ცხოვრობს ტრილიონობით მიკროორგანიზმი, როგორიცაა წყალმცენარეები, ბაქტერიები და სოკოები, რომელთა საერთო წონაა (500 - 2000 კგ = 2 ტონა მაქსიმუმ) 15 ტონა. ეს შეესაბამება დაახლოებით ოთხი მოზრდილი მამალი სპილოს წონას.
სახნავ-სათესი მიწები ქრება
ყოველწლიურად მსოფლიოში სახნავი მიწის დაახლოებით 10 მილიონი ჰექტარი იკარგება, რაც ფართობით დაახლოებით სამხრეთ კორეის ტოლია. დღეს მსოფლიოში მთელი ნიადაგის მეოთხედი შეიცავს მნიშვნელოვნად ნაკლებ ნეშომპალას და საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე 25 წლის წინ ან აღარ არის შესაფერისი კულტურების მოსაყვანად. ეს გამოწვეულია ტყეების გაჩეხვით, მასიური ხანძრებით, ინტენსიური მიწათმოქმედებითა და ნიადაგის დალუქვით (ნიადაგის ზედაპირის დაფარვა წყალშეუვალი მასალებით, როგორიცაა ბეტონი და ქვა ახალი შენობებისთვის, გზებისთვის და ა.შ.)
"მხოლოდ 60 მოსავალი და მორჩა!"
მარია ჰელენა სემედო, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დირექტორის მოადგილე: „სქელი, ჯანსაღი ნიადაგის ფორმირებას ძალიან დიდი დრო სჭირდება - ერთი მეტრი სისქის წარმოქმნისთვის დაახლოებით 15000 წელი.
ჰუმუსს დრო სჭირდება
ეს პროცესი იწყება კლდეების გამოფიტვით. სითბო და ტენიანობა იწვევს ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც შლის ქანებს წვრილ ნაწილაკებად და იქმნება ნიადაგი. მცენარეებისა და ცხოველების ნარჩენები, აგრეთვე ფოთლები და ხის წიწვები, რომლებიც მიწაზე ეცემა, ქმნიან ორგანულ ნივთიერებათა ფენას, რომელიც ნელა იშლება მიკროორგანიზმებით ნეშომპალად. ნეშომპალას ეს ფენა შეიცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს და მინერალებს მცენარეებისა და ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმებისათვის. ნორმალურ სახნავ მიწაში ჰუმუსის შემცველობა დაახლოებით 1-დან 4 პროცენტამდეა. ეგრეთ წოდებულ შავ მიწა ნიადაგში, რომელიც განსაკუთრებით მდიდარია ნეშომპალით, ის შეიძლება იყოს 12 პროცენტამდე.
ჩვენი ეკოლოგიური ნაკვალევი
რა ფართობია საჭირო ჩვენი ტანსაცმლისა და საკვების მისაღებად, ჩვენთვის საჭირო ენერგიის უზრუნველსაყოფად, ნაგვის გადასაყრელად და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად? ამ მაჩვენებელს ჩვენს "ეკო-ნაკვალევს" უწოდებენ და ის გამოიხატება გლობალურ ჰექტარებში (გჰა) წელიწადში ერთ ადამიანზე. დედამიწის მთლიანი ბიო შესაძლებლობები წელიწადში ბოლო გამოანგარიშებით 1,7 გჰა-ზე შეადგენს. ამასთან, თითოეული ადამიანი საშუალოდ წელიწადში მოიხმარს 3,3 გჰა- ს. ინდუსტრიულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით დიდი ეკოლოგიური კვალი აქვთ. ვებგვერდზე data.footprintnetwork.org შეგიძლიათ ნახოთ რამდენად დიდია საშუალო ეკონაკვალევი ჩვენს ქვეყანაში.
ნიადაგის შენარჩუნება მთელ დედამიწაზე
ამერიკის შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა ჯერ კიდევ 1937 წელს აღიარა: ”ერი, რომელიც ანადგურებს თავის ნიადაგს, ანადგურებს საკუთარ თავს”. ნიადაგის მსოფლიო დღე დაარსდა 2002 წელს, ნიადაგის მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის (IUSS) მე -17 მსოფლიო კონგრესზე. მას შემდეგ, ყოველ 5 დეკემბერს, მრავალი კამპანია მთელს მსოფლიოში ამახვილებს ყურადღებას დედამიწის ნიადაგის რესურსების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე. გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ 2015 წელს მიიღო, ნიადაგის დაცვას ასახელებს მის ერთ-ერთ მთავარ მიზნად.
როგორ დავიცვათ ნიადაგი
ნიადაგის დაცვა შეიძლება საკუთარი ეზოდან დავიწყოთ. თუ გაზონი გაქვთ, ნუ გაკრიჭავთ მას სრულყოფილ მწვანე ზედაპირამდე. ამის ნაცვლად მასზე მრავალფეროვანი ყვავილები და ველური მცენარეები გაზარდეთ, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო სივრცით მცირე ზომის ორგანიზმებს და ფესვების მრავალფეროვნებას, რომლებიც სხვადასხვა სიღრმეში იზრდება. პესტიციდებისგან თავისუფალი მებაღეობა ხელს უწყობს ნიადაგების ჯანმრთელობასა და ფუნქციონირებას, ხოლო დაულუქავი ადგილები წვიმის წყლის მიწაში ჩადინებას. "მწვანე სასუქის" გამოყენება ასევე აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს. იმის ნაცვლად, რომ ბაღში შიშველი ადგილები დატოვოთ, ნარგავებით დაფარეთ ისინი ეროზიის თავიდან ასაცილებლად, წყლის შეკავებისა და ნიადაგის აერაციის გასაუმჯობესებლად, ნიადაგის აზოტის შემცველობის გაზრდისა და ახალი ჰუმუსის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად. იქ დათესეთ ისეთი მცენარეები, როგორიცაა ლუპინები, კამა, სამყურა, გულყვითლა (Calendula officinalis) და ცერცელი და აყვავებამდე ცოტა ხნით ადრე მოთიბეთ ისინი. შემდეგ კომპოსტში აურიეთ და ნიადაგში შეიტანეთ.
References
www.boell.de/sites/default/files/bodenatlas2015_iv.pdf
www.agrarheute.com/management/finanzen/zehn-fakten-ackerboden-445152
www.bmel.de/DE/Landwirtschaft/Pflanzenbau/Boden/Boden_node.html
www.umweltbundesamt.de/presse/pressemitteilungen/weltweit-gehen-jaehrlich-10-millionen-hektar
www.umweltbundesamt.de/themen/abschlussveranstaltungen-internationalen-jahr-des)
https://www.bund-mecklenburg-vorpommern.de/service/meldungen/detail/news/noch-60-ernten-dann-ist-schluss/
www.fao.org/soils-2015/events/detail/en/c/338738/
www.scientificamerican.com/article/only-60-years-of-farming-left-if-soil-degradation-continues/
www.lfu.bayern.de/buerger/doc/uw_67_umweltmedium_boden.pdf
https://www.umweltbundesamt.de/daten/flaeche-boden-land-oekosysteme/boden/humusstatus-der-boeden#textpart-1
https://www.wwf.de/earth-overshoot-day/
http://data.footprintnetwork.org/#/
https://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780191843730.001.0001/q-oro-ed5-00008907
https://gsf.globalsoilweek.org/thematic-areas/sustainable-development-goals
www.nabu.de/umwelt-und-ressourcen/oekologisch-leben/balkon-und-garten/pflege/giftfrei/00583.html)
http://region-hannover.bund.net/fileadmin/bundgruppen/bcmshannover/Universum_Kleingarten/Flyer_zum_Download/Flyer_Gruenduenger_Universum_Kleingarten.pdf