მცენარის პორტრეტი: როზმარინი
როზმარინი ცნობილია თავისი გამათბობელი თვისებით, მასში ეთერზეთების შემცველობის გამო.
გავრცელება
როზმარინის (Rosmarinus officinalis) სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და მიეკუთვნება ტუჩოსნების (Lamiaceae) ოჯახს. ეს ოჯახი ცნობილია თავისი გამათბობელი თვისებით, მასში ეთერზეთების შემცველობის გამო. დატოტვილი, მარადმწვანე ბუჩქი 2 მეტრ სიმაღლეს აღწევს. მას ხშირად შეხვდებით მშრალ და ცხელ კლდოვან ზღვისპირა რეგიონებში. სახელი როზმარინი ლათინური წარმოშობისაა და ზღვის ცვარს ნიშნავს, რაც მის ბუნებრივ გავრცელების არეალზე მიგვანიშნებს.
ფოთლები და ღერო
ხეშეში, კუთხოვანი ღერო დაფარულია ვიწრო ნემსისებური, მორკალული, პრიალა ფოთლებით, რომლებიც ზევიდან ხასხასა მწვანეა, ხოლო ქვევიდან შებუსვილი.
ყვავილები
როზმარინის ყვავილები ტუჩოსნებისთვის დამახასიათებელი ტიპიური ფორმისაა და შეიძლება იყოს ღია ცისფერი, ღია იისფერი, თეთრი ან ვარდისფერი. ისინი ჯგუფებად სხედან ღეროების ბოლოებზე და ახასიათებთ გრძელი მტვრიანები.
გამოყენება
როზმარინი უფრო ხშირად სანელებლად გამოიყენება კულინარიაში. მისი ეთერზეთი ცნობილია თავისი მასტიმულირებელი, მატონიზირებელი ეფექტით. ის შედის სამასაჟე ზეთების, აბაზანების, ასევე კანის მოსავლელი კრემების შემადგენლობაში.