მცენარის პორტრეტი: გვირილა
გვირილა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარეა. გარდა ბევრი სხვა სამკურნალო თვისებისა, ის დადებითად მოქმედებს აგრეთვე კანში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე.
წარმომავლობა
გვირილა (Matricaria chamomilla) რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარეა. მისი თავდაპირველი სამშობლოა წინა აზია და სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპა, მაგრამ დღეს ის თითქმის მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაშია გავრცელებული. გვირილა ზაფხულში ყვავის მზიან ადგილებში, მინდვრებზე, ბაღებში ან გზისპირა ზოლებში.
ყვავილი
მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება და რამდენიმე თვეში იწყებს ყვავილობას. თუ ის ზაფხულის მიწურულს ამოდის, ჯერ როზეტს იკეთებს და მხოლოდ შემდეგ წელიწადს ყვავის. დაახლოებით 2 სმ სიდიდის ყვავილი, რომელიც თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილებისგან შედგება, ცალკე მაღალ ღეროზე შემდგარი მიილტვის მზისკენ. სამკურნალო გვირილას განსაკუთრებულ ნიშანს წარმოადგენს ღრუ ყვავილსაჯდომი. მისი გრძივი ჭრილი ისე გამოიყურება, თითქოს მცენარე ჰაერის წვეთს შეიცავდეს. ყვავილს დამახასიათებელი სასიამოვნო სურნელი აქვს. გვირილას ყვავილიდან წყლის ორთქლით შესაძლებელია ეთერზეთის გამოხდა. ეთერზეთების უმეტესობა, როგორც წესი, მოყვითალო ფერისაა, ხოლო გვირილას ყვავილიდან გამოხდილ ეთერზეთს მუქი ლურჯი ფერი აქვს, რაც ძალიან უჩვეულოა.
ფოთოლი
გვირილას ფოთოლი გამორჩეულია იმით, რომ არ ქმნის ზედაპირს, არამედ წვრილ ხაზოვან სეგმენტებად არის დაყოფილი, თითქოს მხოლოდ ფოთლის ძარღვებისგან შედგება. ამიტომ ფოთოლი ბუმბულივით მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება. შეხებისას ფოთოლი ნედლ, ტკბილ და არომატულ სურნელს გამოსცემს, რომელიც – განსაკუთრებით ცხელ დღეებში – გამაცოცხლებლად მოქმედებს.
გამოყენება
სამკურნალო მცენარე სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, როგორიცაა ფლავონოიდები, ლორწოები, პოლისაქარიდები და ეთერზეთი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური და ანტიბაქტერიული თვისებები. კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანების დროს გარეგანი გამოყენებისას გვირილა იარების შეხორცებას უწყობს ხელს. ის დადებითად მოქმედებს აგრეთვე კანის მეტაბოლიზმზე: ააქტიურებს მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას და ამცირებს ანთებას. შინაგანად გვირილას იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი დაავადებებისა და სპაზმების დროს.