სუბალპური ზონის დედოფალი
ედელვაისი იშვიათი სილამაზის განსახიერებაა. ეს პატარა კეთილშობილი მცენარე თოვლივით თეთრი ფოთლებითა და ვარსკვლავის ფორმის ყვავილედით 1500 – 3000 მეტრის სიმაღლეზე იზრდება მწირ ნიადაგზე მზის ძლიერი გამოსხივების ქვეშ. თუ კარგად დავაკვირდებით, შევძლებთ, მისგან ზოგი რამ ვისწავლოთ.
მაღალ მთებში, ედელვაისის სამშობლოში, მცენარეულობა მრავალი თვის განმავლობაში თოვლით არის დაფარული. ეს მრავალწლოვანი მცენარე, რომლის ლათინური დასახელებაა Leontopodium alpinum, თოვლის გადნობის შემდეგ, პატარა როზეტს ივითარებს და მისგან ამოზრდილი მოკლე ღერო მალე 10 სმ-მდე სიმაღლეს აღწევს. მოგრძო ფოთლები მთლიანად დაფარულია თეთრი ბეწვით.
ეს პატარა თეთრი ბუსუსები უფრო მეტია, ვიდრე ამას თვალი ამჩნევს: მათში ჰაერის ათასობით მცირე ბუშტია მოთავსებული, რომლებიც სინათლეს ირეკლავს. გარდა ამისა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბუსუსები 0,18 მიკრონი დიამეტრის მქონე პარალელური ბოჭკოებისგან შედგება და ისეა აგებული, რომ სწორედ მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების ტალღის სიგრძეს შთანთქავს. ამის მიუხედავად მცენარეში მზის სინათლის დანარჩენი ნაწილი აღწევს, რაც ედელვაისს ფოტოსინთეზის განხორციელების საშუალებას აძლევს. ალპური მზის სინათლის მძლავრი მაფორმირებელი ძალის გარეშე მცენარის ყლორტი მეტად გრძელი და სუსტი იქნებოდა იმისთვის, რომ ვერტიკალურად დგომა შეძლებოდა. შესაბამისად, იმისთვის, რომ წონასწორობაში იყოს და ჰარმონიული აგებულება ჰქონდეს, ედელვაისს მზის ინტენსიური გამოსხივება სჭირდება.
მაგრამ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ედელვაისისთვის მზის ძლიერი გამოსხივება ერთადერთი გამოწვევა არ არის: ნიადაგი მწირია, მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ ედელვაისმა ნიადაგიდან ძალიან ძლიერი სასიციცხლო ძალები უნდა მოიპოვოს, რომ ასეთ პირობებში გადარჩეს.
კოსმეტიკაში გამოყენებული ედელვაისის ექსტრაქტი მოყვავილე მცენარის ბალახისგან მზადდება.
და კიდევ არის რაღაც, რაც ედელვაისს, რომელიც მაღალი მთების სიმბოლოდ ითვლება, სრულიად განსაკუთრებულ მცენარედ აქცევს. თუ ყვავილს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ გარე ყვავილებს ბეწვით დაფარული ზედა ფოთლები ქმნის. შუაში განთავსებულია ორიდან თორმეტამდე კალათა ყვავილედი, რომელთაგან თითოეული 60 ცაკლეული ყვავილისგან შედგება. ასე წარმოიქმნება ჰარმონიული აგებულება, რომელსაც მცენარეთა მკვლევარები უფრო მაღალი რანგის, ანუ „მეორე პოტენციის“ ყვავილს უწოდებენ. ედელვაისი კიდევ უფრო აძლიერებს ამ პრინციპს: ის მხოლოდ ერთ რთულ კალათა-ყვავილედს კი არ წამოქმნის - არამედ რამდენიმეს, რომლებიც ერთ დიდ მთლიან ყვავილად იკრიბება. ამიტომ ამბობენ, რომ ედელვაისი წარმოადგენს ყვავილს „მესამე პოტენციაში“.
ანთროპოსოფიული თვალსაზრისით ედელვაისი ამ ორი თვისების გამოა ასე ღირებული. ეს არის მისი ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა – სიცივისა და გამოსხივების ექსტრემალურ პირობებში ზრდის უნარი – და მისი ყვავილის მაღალი წესრიგი. ედელვაისის ეს პოტენციალი ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმს კანის სტრუქტურის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
ბუნებრივი კოსმეტიკისთვის ედელვაისის ექსტრაქტის დასამზადებლად მცენარის მიწისზედა, აყვავებული ნაწილები გამოიყენება. ექსტრაქტი ედელვაისის მჟავასა და ფენოლის სხვა მჟავებს, აგრეთვე ფლავონოიდებს შეიცავს. ანტიოქსიდაციური თვისებების წყალობით ედელვაისის ექსტრაქტს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზება და ამ გზით UV-გამოსხივებით გამოწვეული სტრესის გაწონასწორება შეუძლია. ამდენად, ედელვაისის ექსტრაქტი სასიკეთოდ მოქმედებს კანზე.