ჯანმრთელობა

როგორ ეხმარებიან მწარე ნივთიერებები საჭმლის მონელებას

მჟავე გემოსგან განსხვავებით, რომელიც განსაკუთრებით ააქტიურებს ნერწყვის გამოყოფას, მწარე გემო ჩვენს სხეულში უფრო მეტად კონცენტრაციის შეგრძნებას იწვევს. როცა მწარე დღეები გვიდგას, უმჯობესია მწარეების მიღება საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად.

ბუნებრივი მწარე ნივთიერებები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საკვებიდან გამომდინარე, ჯანსაღ მცენარეულ მწარე ნივთიერებებს გადავეჩვიეთ, ისინი ჩვენი ორგანიზმისთვის საჭიროა - რა თქმა უნდა დაბალანსებული რაოდენობით. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ნერწყვის გამომუშავება იზრდება მწარე გემოს ნიუანსებით, არამედ ის ასტიმულირებს ღვიძლის, ნაღვლისა და პანკრეასის აქტივობას და ამით ხელს უწყობს ცხიმების მონელებას. მწარე ნივთიერებები ასევე უზრუნველყოფენ კუჭში მარილმჟავას გამომუშავების ზრდას. ამავდროულად, ტკბილეულისადმი ლტოლვა იკლებს. მწარე ნივთიერებებით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენს ორგანიზმს, რომ ოპტიმალურად შეითვისოს მისთვის მიწოდებული საკვები.   მწარე ნივთიერებების შემცველი მცენარეებია: ნაღველა, ვარდკაჭაჭა, წყლის სამყურა, ასისთავა და აბზინდა. მათ ასევე სუსტი სახით ვხვდებით: ბაბუაწვერაში, სვიასა და ანგელოზაში. მწარე ნივთიერებების შემცველ საკვებს მიეკუთვნება: რუკოლა, გრეიფრუტი, სალათის ფურცლები და არტიშოკი.

მწარე ნივთიერებები და ფსიქიკური პროცესები მონელებისას

 ჯანსაღი კვება ან ნივთიერებათა ცვლა არის მიღებული საკვების დაშლის მოწესრიგებული პროცესი. ჩვენს საჭმლის მონელებაში ჩართულია არა მხოლოდ ფიზიოლოგიური პროცესები, არამედ ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკური იმპულსები, რომლებიც ყოველთვის მონაწილეობენ საკვების გადამუშავებაში, შიმშილში, მადაში, წყურვილში, ინსტინქტში. გარკვეულ საკვებზე ფიქრი და მოლოდინიც კი პირს ნერწყვით გვივსებს. გაბრაზებისას მეტ კუჭის წვენს გამოვიმუშავებთ, მადას ვკარგავთ მწუხარების გამო ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. მწარე ნივთიერებების დანიშვნის ერთ-ერთი არსებითი ასპექტია ის, რომ ისინი ხელს უწყობენ საკვების შეგნებულად მიღებას და ამით ჩვენ  აქტიურად ვუჭერთ მხარს საჭმლის მონელების პროცესს.

მწარე ნივთიერებები დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანოებზე

მწარე ნივთიერებები გვეხმარება ცალკეული ორგანოს შინაგანი აღქმის გააქტიურებაში. ისინი დადებითად მოქმედებენ ნაღვლის მოძრაობაზე, ღვიძლის აქტივობაზე, კუჭის სეკრეციაზე, პანკრეასის ფუნქციაზე და სისხლის ფორმირებაზე. გარდა ამისა, გავლენას ახდენენ სხვა ორგანოებზე, რომლებსაც აქვთ მწარე ნივთიერების რეცეპტორები, მაგალითად, ფილტვებზე და კანზე.

ფიტოთერაპიაში მწარე ნივთიერებები ჩვეულებრივ იყოფა სამ ჯგუფად:

ამარა ტონიკა ან ამარა პურა, რომელიც შეიცავს მხოლოდ მწარე ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მატონიზირებელი, ანუ გამაძლიერებელი ეფექტი. ესენია: ნაღველა, ასისთავა და წყლის სამყურა. სამივე მიეკუთვნება ნაღველასებრთა ოჯახს. ყვითელი ნაღველა (Gentiana lutea)  მაღალმთიანი მცენარეა, რომელიც ყვავის მხოლოდ შვიდი წლის თავზე და წარმოადგენს სუფთა მწარეების ტიპს. 1:20000 განზავების შემთხვევაშიც კი მწარე გემო აქვს. მთრიმლავი ნივთიერებების ნაკლებობის გამო გამორიცხულია ნებისმიერი შემკვრელი და კუჭის გამაღიზიანებელი ეფექტი და წინა პლანზე მოდის წმინდა გამაძლიერებელი ეფექტი. ზოგიერთი ძნელად ათვისებადი საკვების ტოლერანტობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სეკრეციის სტიმულირებისა და აქტიური მოძრაობის გამო. მწარე მცენარეებიდან აღსანიშნავია ღვიძლზე და ნაღველზე მოქმედი ბაბუაწვერა და განსაკუთრებით ვარდკაჭაჭა, რომელიც სამკურნალო გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ პროცესზე თავისი რძეწვენით, მწარე ნივთიერებებით, ტუტე მარილებით და მისი სპეციფიკური ურთიერთობით სილიციუმის მჟავასადმი.

ამარა არომატიკა, რომელიც შეიცავს ეთერზეთებს: მატონიზირებელი ეფექტის გარდა, ეთერზეთებს ასევე აქვთ გამათბობელი ეფექტი. ესენია  აბზინდა, ფარსმანდუკი, ბარამბო, მწარე ფორთოხალი, ავშანი ან სალბი.

ამარა აკრია თავისი მძაფრი გემოთი: კოჭა და გალანგალი, რომლებსაც ხშირად ვხვდებით აზიური სამზარეულოს კერძებში, ძირითადად სანელებლებად გამოიყენება.

არც ისე ადვილია მთელი პათოლოგიური სპექტრის მოწესრიგება მწარეების შემცველი მხოლოდ ერთი მცენარით, ისეთი ჩივილებისას, როგორიცაა მადის დაკარგვა, ნაღველისა და ღვიძლის სისუსტე მეტეორიზმით. არსებობს კომპოზიციები, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა მწარე მცენარისგან (ვარდკაჭაჭა, ასისთავა, ნაღველა და აბზინდა) მაგ. ველედას მწარე წვეთები.

სამკურნალო მცენარეებში და ასევე სხვადასხვა საკვებში, როგორიცაა სალათები, კიტრი ან სხვადასხვა სახის კომბოსტო, მწარე ნივთიერებების სამკურნალო ეფექტის გაცნობიერებით აშკარა გახდება მათი მნიშვნელობა ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რომელსაც ხშირად სტრესი, არარეგულარული კვება და ნერვული დაძაბულობა აწუხებს. ასე რომ,  კარგი ჯანმრთელობისთვის უნდა გავამდიდროთ ჩვენი რაციონი მწარე ნივთიერებებით.