ჯანმრთელობა

ბუნების აფთიაქი

ჯანმრთელად რომ გავატაროთ ზამთარი: ქაცვი, კრაზანა, ტილჭირი და შმაგა: ეს სამკურნალო მცენარეები დაგვეხმარებიან. ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას და შემოდგომა-ზამთარში ჯანმრთელობას გვინარჩუნებენ.

წელიწადის ბნელი და ცივი დრო გამოწვევაა სხეულისა და სამშვინველისთვის. გაციება და ინფექციები, გავრცელებული ზამთრის დეპრესია, ამინიდისა და გარემოს არასასურველი ზემოქმედება კანზე, დაქვეითებული შრომისუნარიანობა და დაღლილობა პრობლემებს გვიქმნის. ამ დროს განსაკუთრებით კარგ დახმარებას მცენარეთა ორი ჯგუფი გვიწევს: ე.წ.ზაფხულის მცენარეები, რომლებიც ბევრ სინათლესა და სითბოს საჭიროებენ,  ზაფხულის ამ ენერგიას ინახავენ და კონცენტრირებული ფორმით სთავაზობენ ორგანიზმს ზამთარში. და შხამიანი მცენარეები, რომლებიც უმცირესი რაოდენობით გამოიყენება პოტენცირებულ ჰომეოპათურ წამლებში და ორგანიზმის თვითგანკურნების უნარს აძლიერებენ.

 

წარმოგიდგენთ ორივე ჯგუფის ტიპიურ წარმომადგენლებს: სინათლის მოყვარული ქაცვი, ზაფხულის მზის მცენარე კრაზანა, იდუმალი, ბინდის მოყვარული შმაგა (ბელადონა) და ძლიერ შხამიანი ტილჭირი.

 

ქაცვი: A ვიტამინით მდიდარი სიცოცხლის ოსტატი

ის უძლებს გვალვას, ხანგრძლივ ყინვას, სიცხეს და ძლიერ ქარს. და განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს სინათლესთან. მდიდარია ვიტამინებით!

კრაზანა: სამშვინველის სინათლე

ამ მცენარეს გამორჩეული მიმართება აქვს მზესთან და შეუძლია დაგროვილი სინათლის გაცემა.

შმაგა: ბინდის მოყვარული მცენარე

ეს შხამიანი მცენარე წამლად გამოიყენება ცხელების, სპაზმური ხველების და ანგინის დროს.

ტილ-ჭირი: შხამიანი ლამაზმანი

ის ევროპის ყველაზე შხამიან მცენარეებს ეკუთვნის. ჰომეოპათიური წესით პოტენცირებული – ტკივილებისა და ცხელების დროს გვშველის.

შეიტყვეთ, თუ როგორ აძლიერებენ ისინი ორგანიზმის თავდაცვის ბუნებრივ შესაძლებლობებს და როგორ შემოაქვთ სინათლე  ჩვენს სამშვინველში, როდესაც წლის ბნელი დღეები განწყობას გვიქვეითებს.

ქაცვი

თავისში კოლოსალურ სასიცოცხლო ენერგიას ინახავს

ის სიმბიოზში ცხოვრობს ფესვის ბოლქვების ბაქტერიებთან, რომლებიც ატმოსფერულ აზოტს იერთებენ და შემდეგ ქაცვის სამსახურში აყენებენ. სხვა მხრივ, ქაცვის ჯანსაღ ზრდას სჭირდება ჰაერი, წყალი და სინათლე. ქაცვის უზარმაზარი ბუჩქი სიმაღლეში 6 მეტრს აღწევს და ფესვების ფართოდ გაშტოებული სისტემით მყარად არის ნიადაგში გადგმული. თავის ნაყოფს ის წვეტიანი ფოთლებითა და ეკლებით იცავს. მისი ვიწრო, წვრილი ბუსუსებით დაფარული, მოვერცხლისფრო-მწვანედ მბზინავი ფოთლები ხელს უშლის წყლის სწრაფ აორთქლებას. აგვისტოს დასაწყისიდან ქაცვი 5-დან 10 მმ-მდე სიგრძის მომრგვალო-ოვალური ნაყოფის მოსხმას იწყებს, რომლებიც ბოტანიკურად კურკოვანთა გვარს ეკუთვნის. ამ ხასხასა ყვითელ და ნარინჯისფერ კენკრაში აგროვებს ქაცვი მზის მაცოცხლებელ სინათლესა და ენერგიას და მინერალური ნივთიერებებისა და წყლის დახმარებით სუბსტანციების ნამდვილ საგანძურად გარდაქმნის. ქაცვი იმ მცირერიცხოვან მცენარეებს ეკუთვნის, რომელიც როგორც ნაყოფის რბილობში, ისე თესლში ძვირფას ზეთს შეიცავს. ამიტომ მას აქვს უნარი, გამოიმუშაოს და შეინახოს როგორც წყალში ხსნადი ვიტამინები (C ვიტამინი და B ვიტამინები), ისე ზეთში ხსნადი ვიტამინები და მათი წინამორბედები (E ვიტამინი და კაროტინოიდები). ვიტამინების მდიდარი და დაბალანსებული შემცველობის გამო ქაცვი ვიტამინების ძვირფას წყაროს წარმოადგენს, მათ შორის, ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტებისთვის. გარდა ამისა, ქაცვი ანტიოქსიდანტებს, უჯერ ცხიმმჟავებსა და მრავალ მიკროელემენტსაც შეიცავს, რომელთა წყალობით ის ჩვენს უჯრედებს იცავს და აძლიერებს.

გავრცელება

მზე და ქვიშა: ქაცვი (Hippophae rhamnoides), როგორც ველური მცენარე, ცენტრალურ აზიაში იზრდება და მას უძველესი ხანიდან იყენებდნენ სამკურნალოდ ტიბეტურ მედიცინაში. ათასწლეულების განმავლობაში ის ჰიმალაიდან ალტაის, კავკასიისა და კარპატების გავლით ალპებამდე და ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების სანაპიროებამდე გავრცელდა. ცენტრალურ ევროპაში ორი ძირითადი ქვესახეობა დომინირებს, და ალპებში გავრცელებული მთის ქაცვს C ვიტამინის კიდევ უფრო მაღალი შემცველობა და უფრო პატარა ნაყოფი აქვს, ვიდრე მის ჩრდილოელ ნათესავს. ქაცვს ოპტიმალური პირობები აქვს ზრდისთვის შუაზღვისპირეთში, მაგალითად, ტოსკანას მარემაში: ქვიშიანი ნიადაგი, რბილი კლიმატი და მზის ინტენსიური გამოსხივება განსაკუთრებით კარგ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ქაცვმა კარგად გაიხაროს და მეტი აქტიური ნივთიერება გამოიმუშაოს.

გამოყენება

სასარგებლოა, როგორც გარეგანი და შინაგანი მოხმარებისთვის: როგორც საკვები დანამატი ქაცვი წელიწადის ცივ დროს და იმუნიტეტის შესუსტების ფაზაში გვშველის. როდესაც ხშირად ვცივდებით, უმჯობესია ქაცვის ბუნებრივი, სუფთა წვენის მიღება. ვისთვისაც ქაცვის წვენი ზედმედატ მჟავეა, მას შეუძლია, ქაცვის წვენი, მაგალიღთად, მიუსლის ან სიოას იოგურტს, ან სხვა წვენებს  შეურიოს. გარეგანი გამოყენებისას ქაცვის კრემები და ზეთები კანის საჯნსაღეზე ზრუნავს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც კანი ხშირად გამომშრალია, იქერცლება და ქავილს იწვევს. ზაფხულის მზის შენახული ენერგია და წინააღმდეგობის ძალა, რომელსაც ქაცვი მტრულ გარემოში გადარჩენისთვის გამოიმუშავებს – ეს არის სწორედ ის, რაც ქაცვს ჩვენს ღირსეულ თანამგზავრად აქცევს, განსაკუთრებით, ზამთარში.

კრაზანა

მზის ანაბეჭდი

 

ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში, გერმანელმა ექიმმა პარაცელსმა აღმოაჩინა მჭიდრო კავშირი კრაზანასა (Hypericum) და  მზეს შორის. ის ივნისში,  მზებუდობისას  ყვავის, განსაკუთრებით კარგად ხარობს ძალიან ნათელ ადგილებში და არ უყვარს ჩრდილი. მზესთან მის კავშირზე სხვა მრავალი ნიშანიც მეტყველებს, მაგალითად, მისი მზესავით კაშკაშა ყვითელი ყვავილები და სისხლისფერ-წითელი შეფერილობის წვენი, რომელიც ყვავილისა და კვირტის დასრესვისას ჩნდება;  აგრეთვე მისი ფოთლების დამახასიათებელი, მასტიმულირებელი სურნელი. მზის ანაბეჭდი მცენარის ყვავილებსაც აზის: სურნელოვანი ყვავილი მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე იშლება – სწორედ საჭირო დროს, მზეს რომ შეეგებოს. მზესთან და სინათლესთან კრაზანას მიმართების კიდევ ერთი დასტურია მისი ვარჯის ფორმა, რომელსაც ყვავილის ღეროები ქმნიან – ფორმა, რომელიც შებრუნებულ პირამიდას მოგვაგონებს და ამ ჟესტით მზისკენ იხსნება.  მზის სინათლესთან კავშირი განაპირობებს მცენარის გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს: კრაზანა შიშის დაძლევასა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესიების დროს. ამ შემთხვევაში პაციენტს მას აძლევენ მცენარეული პრეპარატის სახით, რომელიც აქტიური ინგრედიენტების გარკვეულ რაოდენობას შეიცავს, ან  პოტენცირებული ჰომეოპათიური საშუალების სახით. ის პირველ რიგში ზამთრის დეპრესიისთვის გამოიყენება, როგორც „ზაფხულის მზის მცენარეული სინათლე“ წალიწადის ბნელი დროის გადასატანად.  გარდა ამისა, კრაზანას ჭრილობების სამკურნალოდაც იყენებენ, მაგალითად, დანით მიყენებული ჭრილობებისთვის. გარეგანად მისი წითელი ფერის ზეთი, რომელსაც „წითელ ზეთსაც“ უწოდებენ, ნერვული ტკივილების გასაყუჩებლადაც იხმარება და ის იმ შემთხვევაშიც შველის, როდესაც ტკივილები უფრო ძველ ტრავმებს ან ოპერაციებს უკავშირდება.

ისტორია

დემონებისგან დამცავი: კრაზანას გერმანული დასახელება Johanniskraut („იოანეს ბალახი“) წმინდა იოანეს დღეს –  24 ივნისს – უკავშირდება. სწორედ ეს დრო, ზაფხულის მზებუდობის (21 ივნისი) პრიოდია მცენარის ყვავილობის დრო, როდესაც დღეები ყველაზე გრძელია და მზის გამოსხივება – ყველაზე ინტენსიური. მისი მეცნიერული დასახელება Hypericum perforatum შედგება სიტყვისგან: hyper = ბერძნ. ზე, ზევით, და icon = ხატი, სურათი, რაც აიხსნება, როგორც „უფრო მშვენიერი, ვიდრე სურათი“და ასევე „სურათის ზევით“. ძველი ბერძნები მცენარეს ღმერთების გამოსახულებების თავზე ჰკიდებდნენ ბოროტი ძალების განსადევნად. სიტყვა perforatum კი ლათინურია და დაცხრილულს ნიშნავს, რადგან ამ 20-90 სმ სიმაღლის სწორადმდგომი მცენარის ფოთლებს მრავალი ზეთის ჯირკვალი აქვს და კონტრაჟურში დასვრეტილის შთაბეჭდილებას ტოვებს. შუა საუკუნეებში ეს ნიშანი ქრისტეს ჭრილობებს დაუკავშირეს. კრაზანას ადრე ბოროტი სულებისა და ეშმაკების განსადევნად იყენებდნენ –  Fuga daemonum, მას ასეც უწოდებდნენ, რაც „ეშმაკის დაფრთხობას“ ნიშნავს. დღეს მას იყენებენ, როგორც მცენარეულ ანტიდეპრესანტს, მძიმე ფიქრების განსადევნად და ცუდი განწყობის გასაუმჯობესებლად.

 

ტილ-ჭირი

შხამიანი ცისფერი მშვენება

მისი ყვავილი ხუთი მოლურჯო-იასამნისფერი ფურცლისგან შედგება. ზედა ფურცელი ფორმით მუზარადს მოგვაგონებს და აქედან მომდინარეობს მისი გერმანული დასახელება Eisenhut. ყვავის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში. მცენარის ყველა ნაწილი ძლიერ შხამიანია, განსაკუთრებით, ფესვის ტუბერი, რომელიც 1,8% ალკალოიდ აკონიტინს შიცავს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მცენარეულ შხამს. წამლების დასამზადებლად ტილჭირს (Aconitum napellus) აშენებენ და, როგორც წესი, ივლისში აგროვებენ. გაშენების და მოკრეფის დროს გასათვალისწინებელია მისი შხამიანობა – კანზე უბრალო შეხებითაც შეიძლება შხამის დიდი რაოდენობის მიღება. ფესვის ტუბერი, თათისებრი ფოთლები, მუზარადისებრი ყვავილი, შხამიანობა: ყველაფერი ეს მცენარის განსაკუთრებულ არსზე მიუთითებს, რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას და – სათანადო დოზით წამლის სახით მიწოდებული – იქ შველის, სადაც ნერვული პროცესები ზედმეტად აქტიურია, მაგალითად, ნერვული ტკივილების (ნევრალგიების) და ნერვების ანთების (ნევრიტის) დროს. ამ შემთხვევებში ლურჯი ტილჭირი როგორც შინაგანი (პოტენცირებული ფორმით), ისე გარეგანი, მაგალითად, ზეთის ან მალამოს სახით გამოყენებისას ტკივილგამაყუჩებლად მოქმედებს. გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება პირველ რიგში დაავადებები, რომლებიც ცხელების, აჩქარებული გულისცემისა და ტკივილების თანხლებით მიმდინარეობს. უმეტესწილად ეს არის გაციების მწვავე დაავადებები და გრიპოზული ინფექციები. ცივი ქარით გამოწვეული გაციება; მძიმე, მშრალი ხველა, შიში და შფოთვა ის სიმპტომებია, რომლებიც ტილჭირის გამოყენების სასარგებლოდ მეტყველებს. ასეთი ჩივილების დროს, ტილჭირის ექსტრაქტების ჰომეოპათიური წესით პოტენცირებული  წამლები ტკივილებს აამებს, დაბლა სწევს სიცხეს და ამშვიდებს.

გავრცელება

მთის მცენარე: ლურჯი ტილჭირი ბაიასებრთა დიდ ოჯახს ეკუთვნის და ალპებში დაახლოებით 3000 მეტრ სიმაღლეზე იზრდება. სახელი აკონიტუმი შეიძლება ანტიკური ხანის ქალაქის აკონეს დასახლებიდან მომდინარეობდეს, რომლის სიახლოვესაც ეს მცენარე იზრდებოდა. თუმცა, მცენარის სამეცნიერო დასახელება Aconitum napellus შეიძლება ლათინურ სიტყვა aconae-ს უკავშირდებოდეს, რაც „შიშველ კლდეს“ ნიშნავს და მაღალ მთაში მცენარის ადგილსამყოფელზე მიუთითებს. Napellus წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან „თალგამი“, რაც მცენარის ფესვის ფორმას უკავშირდება.

ისტორია

კუდიანების შხამიანი ბალახი: ძველინდურ აიურვედაში, ტიბეტურ და ჩინურ მედიცინაში ტილჭირის სახეობები, როგორც სამკურნალო მცენარეები, ძალიან დაფასებული იყო. ევროპაში ტილჭირი დიდი ხნის განმავლობაში აკრძალულ მცენარედ ითვლებოდა, რომელსაც მხოლოდ „ჯადოქრები და კუდიანები“ იყენებდნენ. ძველ რომში და შუა საუკუნეებში ტილჭირის გაშენება დროდადრო უმკაცრესად იკრძალებიდა, მმართველებს ყველაზე მეტად საწამლავით მკვლელობის ეშინოდათ. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში დოზების შერჩევით, რომლებიც ახლოს იყო საშიში ტოქსიკურ ზღვართან, წარმატებას მიაღწიეს ტკივილების მკურნალობაში, განსაკუთრებით, სამწვერა ნერვის ნევრალგიის შემთხვევაში.

შმაგა

ბინდის მოყვარული მცენარე

ამ სწორადმდგომი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის, რომელიც სიმაღლეში 1,5 მეტრამდე იზრდება, ყველა ნაწილი შხამიანია. უპირველეს ყოვლისა, მისი წვნიანი ნაყოფი, რომელიც მადისაღმძვრელად გამოიყურება და არცთუ უსიამოვნო გემო აქვს, და რომელიც მოწამვლის შემთხვევების სტატისტიკაში წამყვან ადგილს იკავებს, განსაკუთრებით, სამხრეთ გერმანიაში. ბავშვები ხშირად დაუფიქრებლად იდებენ ამ ლამაზ კერკრას პირში და უფროსებსაც ხშირად ერევათ საჭმელად ვარგის კენკრაში. სულ რამდენიმე ნაყოფია საკმარისი, რომ მძიმე მოწამვლა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს სუნთქვისა და გულისცემის შეჩერებით. შმაგა ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში ყვავის. ამის შემდეგ ის 1,5 სმ-მდე ზომის კენკრას ისხამს. ჰომეოპათიასა და ანთროპოსოფიურ მედიცინაში ბელადონა პოტენცირებული სახით გამოიყენება შეგუბებული და გამყარებული პროცესების კვლავ მოძრავ ნაკადში ჩასართავად და კრუნჩხვის მოსახსნელად, მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ან გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. ბელადონას ძირითადად იყენებენ ცხელებით მიმდინარე მწვავე ინფექციების დროს, უპირველეს ყოვლისა, სასუნთქი გზების ინფექციებისას, ხშირად აპისთან, ფუტკრის შხამთან კომბინაციაში. სიმპტომებს, რომელთა დროსაც ბელადონა განსაკუთრებით ეფექტურია, ჰომეოპათიური მსგავსების წესის მიხედვით ბელადონათი მოწამვლის სურათი განსაზღვრავს: ცხელება, შფოთვა, პირის სიმშრალე, მფეთქავი ტკივილები, მშრალი ხველა და თავში სისხლის მოვარდნის შეგრძნება. ბელადონას იყენებენ ყელის ანთების დროსაც.

გავრცელება

შმაგა ძაღლაყურძენთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც ბევრ სახეობას მოიცავს ლენცოფათი დაწყებული და თამბაქოთი და კარტოფილით დამთავრებული, რომლებიც საკუნეების განმავლობაში გამოიყენება შხამისა თუ წამლის სახით, აგრეთვე საკვებად თუ  სიამოვნებისთვის. ამ ოჯახის დამახასიათებელი ნიშანია ხუთფურცლიანი ყვავილი ქვემოთ შეზრდილი ფურცლებით; ნაყოფი არის კენკრა. შმაგა, როგორც თავისი ოჯახის ტიპიური წარმომადგენელი, განსაკუთრებით ნათლად აჩვენებს ამ ნიშანთვისებებს. სახელი „ბელადონა“ იტალიურიდან მოდის და „მშვენიერ ქალს“ ნიშნავს, შეიძლება მისი ლამაზი ყვავილების გამო ან შეიძლება იმიტომ, რომ ბელადონას თავდაპირველად თვალში ჩასაწვეთებლად იყენებდნენ გუგების გასაფართოებლად, რაც ქალს უფრო მიმზიდველს ხდიდა. შმაგა გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთით – ჩრდილოეთ ინგლისამდე და აღმოსავლეთით – უკრაინამდე. მას ჰუმუსით მდიდარი და ცოტა კირის შემცველი ნიადაგი სჭირდება და თბილ და ნოტიო ტყისპირა ადგილებში, მინდვრებსა და ველებზე გვხვდება. ის ხშირად ერთი არიდან მეორეზე გარდამავალ ჩრდილიან ადგილებში ხარობს. ბელადონას ადგილსამყოფელიც მასში ნათელი და ბნელი ტენდენციების, სინათლისა და ჩრდილის ერთიანობაზე და მონაცვლეობაზე მეტყველებს, რაც მას ბინდის მცენარედ აქცევს.

ისტორია

ძველ დროს შმაგას საკულტო და მაგიური დანიშნულებით იყენებდნენ. როგორც ჰალუცინოგენი, ის იწვევდა განცდებს სიზმარსა და ფხიზელ ცნობიერებას შორის საზღვარზე და, გარდა ამისა, სასიცოცხლოდ საფრთხეს წარმოადგენდა მცენარის ძლიერი ტოქსიკურობის გამო. მის ზემოქმედებას სხვადასხვა ნივთიერება განსაზღვრავს, მათ შორის,  ალკალოიდები, როგორიცაა ჰიოსციამინი, ატროპინი და სკოპოლამინი, რომლებსაც ძაღლაყურძენთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებიც შეიცავს.