ჯანმრთელობა

კანი პუბერტატის ასაკში

ბევრი ახალგაზრდისთვის პუბერტატის პერიოდში აკნე უსიამოვნო რეალობაა. კანის მოვლის მრავალი პროდუქტი შვებას გვპირდება. მაგრამ რა იწვევს კანის ამ რეაქციას და რა ეხმარება მას რეალურად?

სქესობრივი მომწიფების პერიოდი (ლათ. pubertas, რაც ნიშნავს „სქესობრივ სიმწიფეს“) დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცვლილებებით ხასიათდება. ის იწყება დაახლოებით ჩვენი ცხოვრების მესამე შვიდწლედიდან, რაც ნიშნავს 14-დან 21 წლამდე. მაგრამ თანამედროვე ცხოვრების წესი განაპირობებს პუბერტატის დაწყებას უფრო ადრე, ვიდრე წარსულში. ბევრი გოგოსთვის ის დაახლოებით 10 წლის ასაკიდან იწყება; ბიჭებისთვის, დაახლოებით 12 წლის ასაკში. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, კანზე ხშირად აირეკლება ის, რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება.

მეტაბოლიზმი და კანი 

სტაგნაციები და შინაგანი დარღვევები აისახება ჩვენს კანზე. პუბერტატის დროს, ჩვენი მეტაბოლიზმი მაქსიმალური სისწრაფით მუშაობს. ეს ააქტიურებს კავშირს კანის გარკვეულ უბნებთან. ამრიგად, მეტაბოლიზმის დროებითი სისუსტე ან ჰიპერაქტიურობა შეიძლება გამოვლინდეს იქ, სადაც კანს აქვს დიდი ცხიმოვანი ჯირკვლები. ესაა სახე, მხრები და მკლავები, ასევე დეკოლტე და ზურგის ზედა ნაწილი. ცხიმის გადაჭარბებულმა გამომუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმიანი კანი (სებორეა), მუწუკები და ლაქები, ასევე აკნე ანთებითი პაპულებითა და პუსტულებით. მართლაც, აკნე არის ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური დაავადება დასავლეთ ნახევარსფეროში. გვხვდება მოზარდების 70%-დან 95%-მდე და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გამოვლინდება თითქმის ყველა მოზარდში, პუბერტატის პერიოდში, მინიმუმ მინიმალური ფორმით. აკნე ოდნავ უფრო ხშირია ახალგაზრდა მამაკაცებში, ვიდრე ახალგაზრდა ქალებში; აქ ის ტენდენციურად უფრო მძიმეა და სებორეაც ინტენსიურია.

განვითარება სქესობრივი მომწიფების პერიოდში

ახალგაზრდა სხეულის მომწიფებას რამდენიმე წელი სჭირდება. გონებრივ განვითარებასაც დრო სჭირდება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში მოზარდის ინდივიდუალობის რეორგანიზაცია ხდება. მისი სამშვინველი გადის საკუთარი თავის აღმოჩენის, მაგრამ ასევე საკუთარ თავში დაეჭვების და დაუცველობის ფაზებს. ახალგაზრდა ადამიანისთვის, დილით სარკეში ჩახედვა და სახეზე დეფექტების დანახვა შეიძლება იყოს დამთრგუნველი. არამიმზიდველი კანი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ემოციური ძვრების გარეგანი გამოვლინება და შინაგანი ბრძოლა საკუთარი გზისა და ინდივიდუალური ორიენტაციის საპოვნელად. ბევრთან ეს შეხვედრა საკუთარ თავთან უხერხულობას და შეშფოთებას იწვევს. ამ მიზეზით, ხშირად მიზანშეწონილია სქესობრივი მომწიფების პერიოდში გაღიზიანებული კანისა და აკნეს წინააღმდეგ ზომების მიღება. უმეტეს შემთხვევაში, კანი მშვიდდება და აკნე ქრება პუბერტატის ბოლოს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სახის კანის ანთება გრძელდება და ეს ცნობილია, როგორც ზრდასრული აკნე.

 

რა გავაკეთოთ სახის გადასაწმენდად?

პრობლემური, მათ შორის აკნეს მქონე კანის მკურნალობა უნდა დაიწყოს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებით. ეს ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესს: რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს, ჯანსაღ დიეტას, სწრაფი კვების კერძების რაციონიდან ამოღებას, მცირე რაოდენობით ალკოჰოლს და ნიკოტინზე უარის თქმას. სახის მოვლა ბუნებრივი საშუალებებით უნდა ამსუბუქებდეს და ამშვიდებდეს ანთებისკენ მიდრეკილ კანს.

შეეცადეთ მიიღოთ თქვენი გარეგნობა და ხელით არ აწვალოთ ფერიმჭამელები და მუწუკები.

ჰოლისტიკური მედიცინის თვალსაზრისით, პერორალურ მკურნალობას შეუძლია აღმოფხვრას კანის ლაქების და აკნეს რეალური მიზეზები. განსაკუთრებით ძლიერი ანთების შემთხვევაში, წამლებით თერაპიამ შეიძლება გაააქტიუროს შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქცია. ასეთი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ავტორი

დოქტორი ლუდერ იახენსი

დერმატოლოგი და ალერგოლოგი

დოქტორი ლუდერ იახენსი ანთროპოსოფიულად ორიენტირებული დერმატოლოგი და ალერგოლოგია. ცხოვრობს და მოღვაწეობს რიგაში (ლატვია)

Dr. Lüder Jachens

Dermatologist and allergist

Dr. Lüder Jachens is an anthroposophically orientated dermatologist and allergist. He lives and works in Riga, Latvia.