ჯანმრთელობა

გარეგანი პროცედურები, როცა გაცივება და ხველა გვაწუხებს

როდესაც გარეთ წვიმს, ნესტია და სიცივე, კარგია ვიცოდეთ, თუ როგორ უწყობს ხელს ფეხის თბილი აბაზანა, ლიმონის ყელის კომპრესი ან წვივის სახვევი ჯანმრთელობის შენარჩუნებას თუ აღდგენას.

ყელის ცხელი სახვევი ლიმონის წვენის საფენით

ნახველის ამოსაღებად ყელის ტკივილის დასაწყისში, შეუწამლავი ლიმონის ნახევარი გაჭრილი ზედაპირით ქვემოთ მოათავსეთ პატარა ჯამში და დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი (დაახლოებით 75°C). ჩაის ჭიქის ძირით ფრთხილად დაჭყლიტეთ და დანით დასერეთ. ასე გამოწურავთ წვენს და ეთერზეთებს. ბამბის საფენი შეარჩიეთ ყელის გარშემოწერილობისა და სიმაღლის შესაბამისად; ის კისრის მალებს არ უნდა წვდებოდეს. საფენი ორივე მხრიდან დაახვიეთ შუისკენ, ჩადეთ ჯამში, აცალეთ გაჟღენთა, ამოიღეთ ჩანგლით, მოათავსეთ მშრალ საფენზე და გაწურეთ. შეამოწმეთ ტემპერატურა მაჯის შიდა მხრით. საფენი უშუალოდ ყელზე გაშალეთ და შალის შარფით შეიხვიეთ. კომპრესი 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

როგორ მოვამზადოთ ფეხის გამათბობელი აბაზანა

თუ შეგაცივათ, სცადეთ ფეხის გამათბობელი აბაზანა. ჩაყავით ფეხები თბილ წყალში და ეტაპობრივად ამატეთ ცხელი წყალი. ტემპერატურა თანდათან უნდა იმატებდეს. მნიშვნელოვანია, თქვენთვის სასიამოვნო ტემპერატურის შერჩევა. აკონტროლეთ, რომ წყლის ტემპერატურამ 40°C-ს არ გადააჭარბოს. 10-15 წუთის შემდეგ ფეხები გაიმშრალეთ და თბილი წინდები ჩაიცვით. ბოლოს მოხერხებულად მოისვენეთ. ცხელ წყალთან სიფრთხილე გამოიჩინეთ! განსაკუთრებით, ბავშვებისა და ფეხების პრობლემების მქონე პირების შემთხვევაში.

როგორ გავიკეთოთ მომადუნებელი მასაჟი ცხელი დახვეული პირსახოცით

ბამბის ქსოვილი მჭიდროდ დაახვიეთ, შეახვიეთ ხაოიან პირსახოცში და მაღალ ჭურჭელში ვერტიკალურად მოათავსეთ. დაახლოებით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი ფრთხილად და თანდათან ჩაასხით შიდა ბამბის ქსოვილში. გაწურეთ და ცხელი გრაგნილით ფრთხილად დაიზილეთ კისერი, მხრები ან ზურგი. სითბო კარგად მოგიხსნით კუნთების დაძაბულობას.

წვივის გრილი კომპრესი ცხელების დროს

წვივის გრილი სახვევი გამოცდილი საშუალებაა ცხელების დროს და მისი გამოყენება ბავშვებისთვისაც შეიძლება ერთი წლის ასაკიდან. წვივის სახვევი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, თუ ფეხები თბილია. თავდაპირველად ფეხების ქვეშ აბაზანის სქელი პირსახოცი დააფინეთ და მასზე თითოეული ფეხისთვის თითო შაულედური საფენი გაშალეთ. ამ შუალედური საფენებით წვივის სახვევებს დაამაგრებთ და შემდეგ ორივე ფეხს ერთად შემოახვევთ სქელ პირსახოცს. ორი დახვეული ნაჭერი წყალში ჩაუშვით, მათი ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე მაქსიმუმ ორი გრადუსით ნაკლები უნდა იყოს. შემდეგ ისინი კარგად გაწურეთ და მწოლიარე ბავშვს ორივე წვივზე შემოახვიეთ. თუ ნაჭრები გათბა, ისინი სახვევიდან გამოაძრეთ და მომზადებული ახალი ნაჭრებით შეცვალეთ. მაღალი სიცხის დროს სახვევი ყოველ 10 წთ-ში გააახლეთ. სამჯერ გამოცვლის შემდეგ, პაციენტი ნახევარი საათი დაასვენეთ და ტემპერატურა გაუზომეთ. თუ ფეხები გაცივდა, პროცედურა მაშინვე შეწყვიტეთ.

რა დაგჭირდებათ

  • ბიო-ბამბის, აბრეშუმის ან ტილოს ქსოვილის 2 სახვევი, რომელიც უშუალოდ ეხება სხეულს.
  • 2 უფრო დიდი ზომის ქსოვილი შიდა საფენის დასაფიქსირებლად
  • ჩაის ტილო სახვევის გასაწურად
  • სქელი ბამბის ან შალის ნაჭერი ან აბაზანის პირსახოცი გარედან შემოსახვევად.

     

  • ეს გასათვალისწინებელია

    კომპრესებს დრო სჭირდება. დრო უნდა მომზადებას, გამოყენებას და მოქმედებას. როდესაც ბავშვი ავად არის, მოთმინება გმართებთ. ზოგიერთ ბავშვს დრო სჭირდება, სანამ კომპრესის სასიკეთო მოქმედებას იგრძნობს. თუ მშობლებს რაიმე ეჭვი აქვთ დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პედიატრს უნდა მიმართონ.