როგორ დავეხმაროთ შვილებს სტრესთან გამკლავებაში
ბავშვებს ხშირად აწუხებთ უარყოფითი სტრესის შედეგები: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ძილის დარღვევები. ეს ჩვილობის ასაკიდანვე იწყება და საბავშვო ბაღსა და სკოლაში გრძელდება. სტაბილური კავშირები, ოჯახთან ერთად გატარებული დრო და რიტუალები ბავშვს შინაგანი უსაფრთხოების შეგრძნებას უღვივებს და ეხმარება, მძიმე სიტუაციებიც კი კარგად დაძლიოს.
ბავშვობა და სტრესი თითქოს არ უნდა უკავშირდებოდენენ ერთმანეთს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სულ უფრო ხშირად ხდება.
დოქტორი მაინეკე: ბავშვებში სტრესთან შეხება ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როდესაც ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, თუმცა მას შემდეგ შემთხვევების რიცხვმა მართლაც საგრძნობლად იმატა. და თან ყველა ასაკში, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეებში, მაგრამ აგრეთვე ჩვილებსა და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში.
ჩვილებსაც აწუხებთ ეს პრობლემა?
დოქტორი მაინეკე: დიახ, ჩემი დაკვირვებით, დღეს ყოველ მესამე ჩვილს ძილის დარღვევები აქვს, გადამეტებულად ტირის ან პრობლემები აქვს ჭამასთან დაკავშირებით.
რატომ ხდება ეს?
დოქტორი მაინეკე: როდესაც დედა გადატვირთულია, იღლება და ამის გამო თავს სტრესის ქვეშ გრძნობს, შეიძლება ბავშვმა სტრესის ჰორმონები ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ან, მოგვიანებით, ძუძუთი კვების დროს მიიღოს. მაგრამ ამის გარეშეც, მშობლების ემოციური მდგომარეობა ყოველთვის აისახება ბავშვზე. ჩვილს განსაკუთრებით სჭირდება მუდმივი ყურადღება და სიყვარული. მას სჭირდება განცდა, რომ ვიღაც მასთან არის, ესმის მისი ტირილი და მასზე ზრუნავს. თუ ასე არ ხდება, თავს იჩენს სტრესი, ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს, რაც მისთვის მძიმე და საშიში განსაცდელია.
როგორ უნდა შეატყოს მშობელმა, რომ ბავშვს საბავშვო ბაღში სტრესი აქვს?
დოქტორი მაინეკე: საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებში სულ უფრო ხშირად გვიწევს ისეთი დარღვევების დიაგნოსტირება, როგორიცაა ძილის დარღვევები, ჰიპერაქტიურობა, განშორების შიში და ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, რაც ბავშვთა დაავადებების ნორმალურ დონეს სცდება. რეალურად, სტრესი სხეულის ჯანსაღი რეაქციაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს, მძიმე ვითარებას განსაკუთრებით ფხიზლად და შემართებით შეხვდეს. მაგრამ თუ წონასწორობა ამ აქტიურ მდგომარეობასა და მოსვენების მდგომარეობას შორის ირღვევა, ანუ როდესაც აღარ არსებობს ბალანსი დაძაბულობასა და რელაქსაციას შორის, ორგანიზმში სტრესის უარყოფითი რეაქციები ჭარბობს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს საზიანოა და შეიძლება დაავადება გამოიწვიოს. თუ კორტიზოლი, სტრესის ერთ-ერთი ჰორმონი, ჭარბად გამოიყოფა, ეს იმუნურ სისტემას და, შესაბამისად, ინფექციის მიმართ მედეგობას ასუსტებს.
და როგორ ვლინდება სტრესი სკოლის მოსწავლეებში?
დოქტორი მაინეკე: ბევრ მოსწავლეს აწუხებს თავის ტკივილი, მუცლის დიფუზური ტკივილი, ზურგის ტკივილი და ძილის დარღვევები. წარმოიქმნება დეპრესიული უგუნებობა, აგრესია, კონცენტრირების გაძნელება. ხშირად ამას ემატება გარიყვის ან მარცხის შიში. ზოგადად, ბავშვები დღეს ბევრად უფრო ნაკლებად მშვიდები არიან, ვიდრე უწინ.
რა არის, თქვენი აზრით, ამის მიზეზი?
დოქტორი მაინეკე: ბავშვების რიცხვი, რომლებიც სტრესს განიცდიან, დღეს უფრო მაღალია, ვიდრე უწინ. ამიტომ ბავშვებს უფრო ძლიერი პიროვნული ურთიერთობები სჭირდებათ. სასკოლო სისტემაში ზეწოლის ზრდის გამო ბავშვი მოკლებულია ინდივიდუალურ ყურადღებას და ზრუნვას მასწავლებლისგან, და შეიძლება მას ეს სახლშიც აკლია. ურთიერთობა სტაბილობის და უსაფრთხოების განცდას უჩენს ბავშვს – სადაც ურთიერთობისთვის დროს ვერ პოულობენ, იქ გაურკვევლობა ჩნდება.
რაც უფრო ძლიერია კავშირი, განსაკუთრებით მშობლებთან, მით უფრო ნაკლებია სტრესი ბავშვებში?
დოქტორი მაინეკე: აუცილებელი არ არის, რომ ეს მშობლები იყვნენ, ეს შეიძლება სხვა ადამიანიც იყოს, რომელთანაც ბავშვს ძლიერი ემოციური კავშირი აქვს. ვიღაც, ვის შესახებაც ბავშვმა იცის: „მას ჩემი სჯერა“, „მასთან შემიძლია, ის ვიყო, რაც ვარ, მას ჩემი ესმის, მაფასებს და უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნებას მაძლევს, მაგრამ თავისუფალ სივრცესაც მიტოვებს“. ასეთ ატმოსფეროში ბავშვი სწავლობს სტრესთან გამკლავებას და, რა თქმა უნდა, სწავლობს მაგალითით: მშობლებმა არა მარტო უნდა ილაპარაკონ თავიანთ სტრესებზე, არამედ გამოყონ დრო სიმშვიდისა და მოსვენებისთვის.
კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ზეწოლა სკოლის ასაკში?
დოქტორი მაინეკე: ზოგჯერ მშობლების გადამეტებული მოლოდინები ხდება სტრესის მიზეზი. ზოგიერთი ბავშვისთვის გიმნაზიაში სწავლა გადამეტებული გამოწვევაა, ის ხშირად ტირის, მოწყენილია ან გაღიზიანებული და აგრესიული ხდება. როდესაც ბავშვის ქცევა ასე იცვლება და ეს დროში გრძელდება, ეს ყოველთვის არის ნიშანი, რომ მას მშვინვიერად რაღაც აწუხებს. აქ ის არ არის მთავარი, რა უნდათ მშობლებს – მშობლები არიან პასუხისმგებლები ბავშვის საჭიროებებზე და არა პირიქით. გარემო და მოთხოვნები ბავშვის შესაბამისი უნდა იყოს, მის უნარებსა და შესაძლებლობებს უნდა ეთანადებოდეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ის განვითარებას. სტრესის ფაქტორად შეიძლება იქცეს, მაგალითად, სკოლის დილით ადრე დაწყება. ბავშვებს, რომლებიც დილით თავისით ვერ იღვიძებენ, სტრესის უფრო მეტი ჰორმონი აქვთ სისხლში, რაც მათ სწავლაში პრობლემებს უქმნის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ ბავშვი საღამოს უფრო ადრე დაწვეს დასაძინებლად.
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ნაშუადღევს თავისუფალი დრო ჰქონდეს?
დოქტორი მაინეკე: ბავშვებს შთაგონება სჭირდებათ, მათ უნდა იმოძრაონ და სამყარო დაიპყრონ, მათ ახლის სწავლა უნდათ! მაგრამ ზედმეტად გადატვირთული პროგრამა ნაშუადღევს შეიძლება დამღლელი უფრო იყოს, ვიდრე მასტიმულირებელი, განსაკუთრებით, თუ კიდევ საშინაო დავალებებიც შესასრულებელია. თავისუფალი დრო, რომელიც კონკრეტული გეგმით არ არის დატვირთული, წესი უნდა იყოს, და არა გამონაკლისი. ამასთან ერთად, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ბავშვმა ზემდეტად დიდი დრო არ გაატაროს კომპიუტერის ეკრანის წინ და სოციალურ ქსელებში. მუდმივმა ოპტიკურმა გამღიზიანებლებმა შეიძლება ნევროზულობა და შფოთვა გამოიწვიოს. და როდესაც ბავშვები ერთმანეთს აღარ ხვდებიან, არამედ მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობენ, მათ შეიძლება სიძნელეები გაუჩნდეთ პირადი კონტაქტების მხრივ, რამაც შეიძლება ისევ შიშები და მარტოობა განაპირობოს.
არსებობს თუ არა განსაკუთრებული პერიოდები ბავშვის განვითარებაში, რომლებიც სტრესს იწვევს?
დოქტორი მაინეკე: ასეთი პერიოდია, მაგალითად, როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში. ზოგიერთი ბავშვი ახალ გამოწვევებზე იმით რეაგირებს, რომ ისევ უბრუნდება შუადღის ძილს, რადგან ძალების აღდგენა სჭირდება. გადამწყვეტია აგრეთვე ცხრა-ათი წლის ასაკი – რუბიკონი - დამშვიდობება უზრუნველ ბავშვობასთან. ბავშვი ამჩნევს, რომ მშობლებიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან, ის აღარ ლაპარაკობს სახლში ყველაფერზე, რაც აინტერესებს. ამან შეიძლება ერთხანს მოწყენილობა, დისკომფორტი, თავის ან მუცლის ტკივილები გამოიწვიოს. როდესაც მშობლებმა ეს იციან, მათ შეუძლიათ სანათადო მეგზურობა გაუწიონ შვილებს და მეტი ყურადღება გამოიჩინონ. მაგალითად, არ გაღიზიანდნენ, როდესაც ბავშვი კითხვებზე უკმეხად პასუხობს, არამედ გაგებით მოეკიდონ და სათანადოდ იმოქმედონ.
კიდევ რის გაკეთება შეუძლია მშობელს, რომ ბავშვს მეტი სტაბილობა და ნაკლები სტრესი ჰქონდეს?
დოქტორი მაინეკე: უპირველე ყოვლისა საჭიროა, რომ გარკვეული დრო რეგულარულად ერთად გაატაროთ, ასეთია, მაგალითად, ერთობლივი ვახშმის დრო. დედა და მამა ამ დროს მართლაც ადგილზე უნდა იყვნენ და არ მოცდნენ ტელეფონით ლაპარაკზე, მეილებზე ან ინტერნეტში რამის ძებნაზე. ახლა გარემო შექმნილია ნამდვილი ურთიერთობისთვის. მშობლებმა ბავშვს უნდა მოუსმინონ და შეეცადონ, მაშინვე კარგი რჩევები არ შეაგებონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლები მას ისე იღებენ, როგორიც ის სინამდვილეშია, სერიოზულად აღიქვამენ და არ ეუბნიან ისეთ ბანალობებს, როგორიცაა „არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება“.
როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს?
დოქტორი მაინეკე: ბევრად უკეთესი იქნება, მაგალითად, თუ ეტყვით: „რაღაც მოწყენილი მეჩვენები. ხომ არ მიამბობ, რა მოხდა?“ ან თუ ბავშვს მეგობარი ზურგს შეაქცევს და აღარ ეთამაშება, რაც ზოგჯერ ხდება ხოლმე, მაშინ ნუ ეცდებით ვითარების ახსნას, მიზეზების მოყვანას, არამედ უბრალოდ გაიზიარეთ შვილის განცდა. ბავშვი გრძნობს, რომ მის წუხილს ხედავენ და დაცულობის შეგრძნება უჩნდება, რაც ამ ემოციურად მძიმე სიტუაციაში ძალიან სჭირდება. კარგია აგრეთვე რიტუალები, როგორიცაა ძილის წინ კითხვა. ბავშვი ასეთ შინაგან რიტმებზე ორიენტირდება, ეს უარყოფით სტრესს ამცირებს. როგორც კი ძილის წინ წიგნი გადაიშლება, ორგანიზმი ძილის მეტ ჰორმონს გამოყოფს. მასაჟი, განსაკუთრებით, ზურგის მასაჟი, მაგრამ აგრეთვე ფეხებისა და ტერფების მასაჟი, მაგალითად, ლავანდის ზეთით, მოსიყვარულე ზრუნვის მომენტებს ქმნის, როდესაც ბავშვი თავს სრულიად დაცულად გრძნობს. ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში დაძაბულობის მოსახსნელად კარგია, თუ განვლილ დღეს გადახედავთ და ბავშვს ჰკითხვათ, მაგალითად: „კარგი რა მოხდა დღეს?“ – უბრალოდ, საშუალება მიეცით, ილაპარაკოს და შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ რჩევების მიცემას.
ზრდასრულები და ბავშვები განსხვავებულად უმკლავდებიან სტრესს?
დოქტორი მაინეკე: ბავშვები უმეტესწილად ბევრად უფრო კომპეტენტურები არიან სტრესთან გამკლავების საკითხში. ისინი როგორც წესი, უკეთ გრძნობენ, რა სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ძილი ან თამაში, სადაც შეუძლიათ, ოცნებით ფანტასტიკურ სამყაროში გადაინაცვლონ და საკუთარი გრძნობები გამოხატონ. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ ამის საშუალება მივცეთ და არ შევეწინააღმდეგოთ. ასე შეძლებენ ისინი შინაგანი წონასწორობის პოვნას. ეს არის სტრესის საუკეთესო პროფილაქტიკა.
დოქტორი ქრისტოფ მაინეკე
ბავშვთა და მოზარდთა ექიმი-ანთროპოსოფი
ის მუშაობს ჰაველჰოეს საავადმყოფოში. და არის ანთროპოსოფიურად ორიენტირებული სამედიცინო პრაქტიკის ექიმი. დოქტორი მეინეკე ასევე ჰაველუჰოეს საოჯახო ფორუმის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორია, რომელიც სთავაზობს ოჯახის თერაპიასა და საკონსულტაციო მომსახურებას.