სილამაზე

კანის ტიპები

მშრალი კანი, ცხიმიანი კანი, შერეული კანი – რატომ არსებობს კანის სხვადასხვა ტიპი? როგორი მოვუაროთ მათ? რით განსხვავდება ქალის და მამაკაცის კანი ერთმანეთისაგან?

კანი გრძნობის ყველაზე დიდი ორგანოა, რომლიც საშუალებითაც სამყაროს ვეხებით. ის მთელ სხეულს მოიცავს, გარე საზღვრის როლს ასრულებს და ჩვენს ინდივიდუალურ გარეგნობას განსაზღვრავს. კანზე მრავალგვარი ზემოქმედება აისახება: როგორც გარემოდან, ისე ჩვენი სხეულის შიგნიდან და ჩვენი მშვინვიერი ცხოვრებიდან მომდინარე.

 

ანთროპოსოფული მედიცინა ადამიანის ფიზიკურ სხეულში სამ შემადგენელ ნაწილს გამოარჩევს: ნერვულ-მგრძნობელობით სისტემას, რიტმულ სისტემას და ნივთიერებათა ცვლის/მამოძრავებელ სისტემას. ეს სამნაწილიანი სტრუქტურა კანშიც სახეზეა:

კანის აგებულება

ანატომიურად კანის სამ შრეს განასხვავებენ. ესენია: გარე - ეპიდერმისი, საკუთრივ კანი (დერმა) და კანქვეშა შემაერთებელი ქსოვილი (ჰიპოდერმისი), რომელიც უმეტესწილად ცხომოვანი ჩანაფენისგან შედგება.

  • ეპიდერმისი (კანის გარეთა შრე)
    კანის გარე შრე ძირითადად კერატინოციტების უჯრედებისგან შედგება. მათ ფორმირებაში მონაწილეობს ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა.
  • დერმა (კანის შუა შრე)
    რიტმული სისტემა საკუთრივ კანთან კომუნიცირებს და ის სისხლძარღვთა ფართო ქსელითაა აქ წარმოდგენილი.
  • კანქვეშა ქსოვილი (კანის ღრმა შრეები)
    ნივთიერებათა ცვლის პროცესები კანის ქვედა შრეებში ქონისა და ოფლის წარმოქმნას განაპირობებს და მოქმედებს კანქვეშა შრეში ცხიმების დაგროვებასა და დაშლაზე. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი სიცივისგან იცავს სხეულს და ენერგიას ინახავს.

მშრალი კანი ყოველთვის მგრძნობიარე კანიცაა.

დოქტორი იახენსი

ის, თუ რომელი სისტემაა ადამიანში უფრო მეტად დომინანტური, ნერვულ-მგრძნობელობითი, თუ ნივთიერებათა ცვლის-მამოძრავებელი, ეს კანის მდგომარეობაზეც აისახება და მის სამ ძირითად ტიპს განსაზღვრავს:

მშრალი კანი

მშრალი კანის შემთხვევაში ნერვულ-სენსორული სისტემა დომინირებს. ეს განაპირობებს იმპულსებს, რომლებიც უფრო მეტად დაშლაზეა ფოკუსირებული, ვიდრე ზრდაზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანის ზედაპირს ლიპიდები აკლია. ამიტომ ის მეტ ტენს კარგავს, რაც სიმშრალეს კიდევ უფრო აძლიერებს. კანის ეს ტიპი გაღიზიანებისკენ არის მიდრეკილი. ამიტომ მშრალი კანი თითქმის ყოველთვის ერთდროულად მგრძნობიარეც არის. კანის ყოველდღიურმა მოვლამ შეიძლება მოულოდნელად გაღიზიანება გამოიწვიოს, ისე როგორც ქარმა და ამინდმა, ან მამაკაცის შემთხვევაში სველი წესით პარსვამ. ზაფხულის მზე აღმდგენად და გამაცოცხლებლად მოქმედებს და ამ ცალმხრივობას აწონასწორებს. მაგრამ ზამთარი თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით, როგორიცაა, მაგალითად, მშრალი ჰაერი, კანის გაღიზიანებას უფრო შესამჩნევს ხდის. მშრალ კანს ხშირად უკავშირდება ნეიროდერმიტი და სტრესით გამოწვეული ეგზემები. შეიძლება არსებობდეს აუტანლობა კოსმეტიკური პროდუქტების მიმართ ან ხანგრძლივი უპრობლემო გამოყენების შემდეგ გაჩნდეს ამგვარი აუტანლობა, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტრესი კანის მდგომარეობაზე აისახება. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, უმჯობესია კანთან თავსებადი მცირე ოდენობის კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენება.

ცხიმიანი კანი

ცხიმიანი კანის შემთხვევაში გაძლიერებულია ნივთიერებათა ცვლის პროცესები. ქონი და ოფლი ჭარბად წარმოიქმნება. თუ კანში ნივთიერებათა ცვლის იმპულსები იმატებს, ეს სახის კანზე უსუფთაობას და ზოგჯერ ანთებასაც კი იწვევს. ეს ფენომენი იმით აიხსნება, რომ ანთებაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰიპერაქტიური მეტაბოლიზმის შედეგი. ეს განსაკუთრებით ვლინდება სახეზე ქონის დიდი ჯირკვლების და, შესაბამისად, დიდი ფორების სახით, სადაც კანის მეტაბოლიზმი ფოკუსირდება. ზოგჯერ ცხიმიანი კანი უფრო გამოკვეთილია ზაფხულში, ვიდრე ზამთარში. ამგვარი კანის მოსავლელად არ უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი ან მძიმე კოსმეტიკური პროდუქტები.

 

შერეული კანი

კანის ამ ტიპის შემთხვევაში, სახეზეა რითმული წონასწორობა ნერვულ-სენსორულ იმპულსებსა და ნივთიერებათა ცვლის აქტიურობას შორის. ცხვირი, ნიკაპი და შუბლი (ეგრეთწოდებული T-ზონა) ცხიმიანია, ხოლო ლოყების არე სიმშრალისკენ არის მიდრეკილი. T-ზონაში ქონის ჯირკვლები უფრო აქტიურია. ამიტომ შერეული კანის მოვლა კანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.

 

მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, უმჯობესია კანთან თავსებადი მცირე ოდენობის კოსმეტიკური პროდუქტის გამოყენება.

სახის კანის ტიპი ხშირად იმის მაჩვენებელიც არის, თუ როგორია  კანის მდგომარეობა სხეულზე. მაგალითად, მშრალი სახის კანის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, მთლიანად მშრალი კანი აქვთ და ბანაობის ან შხაპის მიღების შემდეგ, მათ კანს მკვებავი სჭირდება. კანის დანარჩენი ორი ტიპის შემთხვევაში, უფრო მსუბუქი, დამატენიანებელი უნდა იქნეს შერჩეული. მაგრამ კანის ტიპისგან დამოუკიდებლად არსებობს ისეთი უბნები, სადაც კანი უფრო მეტად მშრალია, მაგალითად, წვივებზე ან იდაყვებზე.

მამაკაცის კანი

ქალისა და მამაკაცის კანს ერთნაირი აგებულება აქვს და ქალების მსგავსად კაცების შემთხვევაშიც არსებობს კანის სხვადასხვა ტიპი. გარდა იმისა, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით უფრო მეტად ოფლიანობენ, არსებობს გარკვეული, მაგრამ არა პრინციპული განსხვავებები. მათი კანის ეპიდერმისი დაახლოებით 15%-ით უფრო სქელია. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ნაკლები რაოდენობის ქონის უჯრედებს შეიცავს და ამიტომ უფრო მკვრივია. ქონის ჯირკვლები უფრო აქტიურია და მრავალრიცხოვანი, რის გამოც სხეულის მოსავლელი კოსმეტიკა მამაკაცებისთვის ნაკლებად ცხმიანი უნდა იყოს.

 

 

© Skin cross-section Getty Images

Dr. Lüder Jachens

Dermatologist and allergist

Dr. Lüder Jachens is an anthroposophically orientated dermatologist and allergist. He lives and works in Riga, Latvia.