სილამაზე

როგორ მოვადუნოთ კანჭის კუნთები მასაჟით

ყოველი ნაბიჯის გადადგმაში კანჭის კუნთები და ქუსლის (აქილევსის) მყესი აქტიურად მონაწილეობენ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით იძაბება, თუ ფეხს ზედმეტად ხისტად ვადგამთ. კანჭის კუნთების ელასტიურად შენარჩუნება თავიდან აგვარიდებს ქუსლის მყესის გადატვირთვას.

შეარჩიეთ კომფორტული ადგილი, მომადუნებელი სამასაჟე ზეთი და შეუდექით მასაჟს.

კანჭის მასაჟის 5 ილეთი

1: დაჯექით იატაკზე, ერთი ფეხი მოღუნეთ და ტერფი დახვეულ პირსახოცზე მოათავსეთ, რომ ქუსლის მყესი დაიჭიმოს.

2: ორივე ცერა თითით განივად- შუიდან გარეთკენ- დაიზილეთ ქუსლის მყესი. არასოდეს დაიზილოთ ის გრძივი მიმართულებით - ამან შეიძლება მყესის ანთება გამოიწვიოს.

3:ფეხი თავისუფლად დადგით იატაკზე. შემოხვიეთ ხელები კანჭის ძირს და მსუბუქი ზეწოლით აუსვით მუხლქვეშა ფოსომდე.

4:თითის წვერები მოათავსეთ ქვემოთ კანჭის ორივე მხარეს და წრიული მოძრაობით აუყევით ზემოთ. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე კანჭის გასწვრივ გარედან შიგნითკენ.

5: ბოლოს რითმულად შეარხიეთ კანჭის კუნთები იქით-აქეთ, კარგად მოსადუნებლად და ხელის გულები ნაზად გადაუსვით კანჭს ქვევიდან ზევით. იგივე გაიმეორეთ მეორე კანჭზე.

გაფრთხილება!

არასოდეს გაიკეთოთ მასაჟი, თუ ტკივილები გაწუხებთ კუნთის გაწყვეტის თუ დაჭიმვის გამო. თავი შეიკავეთ მასაჟისაგან ფეხზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ფეხების შეშუპების დროსაც.