სილამაზე

რომელი ზეთია საუკეთესო თქვენი კანის მოსავლელად?

სინათლესა და სითბოს – მზის საგანძურს – მცენარე შთანთქავს და თავის ყველაზე ძვირფას ნაწილში, თესლში ინახავს. თესლიდან მიღებული სუფთა ზეთები სავსეა ენერგიით და აქტიური ნივთიერებებით რაც თავის მხრივ, კანის მოვლის შესანიშნავი საშუალებაა.

სხეულის მოსავლელად განკუთვნილი ველედას ბუნებრივი ზეთები

არგანის ზეთი

მარადმწვანე, ნელა მზარდი არგანის ხე მხოლოდ მაროკოს ატლასის მთებში იზრდება. ხე ორ წელიწადში ერთხელ ისხამს ნაყოფს. მისი თესლიდან მიღებული ზეთი გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერის ზეთია თხილისებრი გემოთი. მასში მაღალია მონო- და პოლიუჯერი ცხიმმჟავების (ლინოლმჟავა და ოლეინმჟავა) და E ვიტამინის შემცველობა. ანტიოქსიდაციური და ტენის შენარჩუნების თვისების გამო არგანის ზეთს მოწიფული კანის მოსავლელად იყენებენ.

ენოთერას ზეთი

ენოთერას ციცქნა თესლი დაახლოებით 1 – 1,5 მმ სიდიდისაა. მისგან ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთს იღებენ, რომლის შემადგენლობა მეტად შთამბეჭდავია. ენოთერა იმ იშვიათი მცენარეების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც გამა-ლინოლენმჟავას შეიცავს. ეს მას ძალიან ღირებულ ზეთად აქცევს. გამა-ლინოლენმჟავას ნაკლებობამ შეიძლება კანის სიმშრალე და ქავილი გამოიწვიოს. პოლიუჯერი ცხიმმჟავები ხელს უშლის ტენის დაკარგვას და კანს მოქნილობას უნარჩუნებს. ზეთი ადვილად შეიწოვება, აუმჯობესებს კანის გარეგნულ იერს და განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, მოწიფული კანისთვის.

ინკების თხილის ზეთი

ინკების თხილი პერუს ანდებში, ამაზონის სათავეში იზრდება. მისი ადგილობრივი დასახელებაა Sacha Inchi, რაც მთის მიწის თხილს ნიშნავს. მისგან მოიპოვებენ ღია ყვითელი ფერის მსუბუქ ზეთს. ის კარგად შეიწოვება კანში, ალფა-ლინოლენმჟავას და სხვა პოლიუჯერი ცხიმმჟავების მაღალი შემცველობის წყალობით მას უჯრედების აღმდგენი და მათი გამააქტიურებელი თვისებები აქვს. ინკების თხილის ზეთი კარგი საშუალებაა მშრალი და მოწიფული კანის მოსავლელად.

ბროწეულის ზეთი

ერთი ბროწეული დაახლოებით 700 თესლს შეიცავს, ხოლო თითოეული თესლი დაახლოებით 12 – 20% მოყვითალო-წითელი ფერის ზეთს. მას გამოარჩევს პოლიუჯერი ცხიმმჟავების, მათ შორის, იშვიათი პუნიცინმჟავას მაღალი შემცველობა. ზეთს ანტიოქსიდაციური მოქმედება აქვს, ის ახალი უჯრედების წარმოქმნას და ამ გზით კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. ბროწეულის თესლის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა მშრალი, მოწიფული და დაღლილი კანის მოსავლელად.

ქაცვის ზეთი

ქაცვი იმ იშვიათ მცენარეებს ეკუთვნის, რომელთა ნაყოფის როგორც რბილობი, ისე თესლი ზეთს შეიცავს. ორივე ზეთი მდიდარია E ვიტამინით, მაგრამ ცხიმმჟავების შემადგენლობა განსხვავებული აქვთ. რბილობის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს მონოუჯერ პალმიტოლეინმჟავას, რომელიც ადამიანის კანში არსებული ცხიმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ქაცვის ნაყოფის რბილობიდან მიღებული ზეთი ძალიან სასარგებლოა გადაღლილი, რეგენერაციის საჭიროების მქონე კანისთვის. თესლიდან მიღებული ზეთი ბევრ ლინოლმჟავას შეიცავს. პოლიუჯერი ცხიმმჟავები კანის რქოვანა შრის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამიტომ ქაცვის თესლის ზეთი ხშირად გამოიყენება მშრალი ან ნეიროდერმიტიანი კანის მოსავლელად განკუთვნილ კოსმეტიკურ პროდუქტებში.

საოცარი ხორბლის ზეთი

ხორბლის ღივის ზეთი

მონო- და პოლიუჯერი ცხიმმჟავებით მდიდარი ხორბლის ღივის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს, რომელიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. მასში შემავალი ლინოლმჟავა და პალმიტინმჟავა კანის ბარიერის ფუნქციას აძლიერებს. ხორბლის ღივის ზეთს კანი კარგად იტანს, ის სასარგებლოა მოწიფული, მშრალი და სისხლნაკლული კანისთვის.